წყალდიდობა სვანეთში: ჭუბერის ხეობის შვიდი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გადასასვლელის ჩანგრევის გამო ჭუბერის ხეობის სოფლებში სგურიშსა და ყართან მიმოსვლა შეუძლებელია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭუბერის ხეობაში შემოვლითი გზა რამდენიმე წუთის წინ ჩაინგრა, რის შედეგადაც გარესამყაროს სრულად მოწყდა შვიდი სოფელი.
მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის შედეგად ისევ ადიდდა, რამაც გზის ჩანგრევა გამოიწვია.

ამ წუთებში სტიქიის ადგილზე ჩანგრეული გზის დასათვალიეებლად სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სპიკერი სოზარ სუბარი იმყოფება. სუბარის განცხადებით, მას პრემიერმინისტრთან ჰქონდა საუბარი და ადგილობრივების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი მოგვარებულია.

გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებიდან  ამ დრომდე მიმდინარეობს  ქალების და ბავშვების გამოყვანა.

წყალდიდობა სვანეთში: დრონით გადაღებული კადრები

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა ოთხი სახლი. მოსახლეობა ევაკუირებულია. ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ რამდენიმე  სახლია.