მიწის რეგისტრაციის უფასო სერვისით უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით ნახევარ მილიონზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა, იუწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში.

ამ რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დაინტერესებული პირის მიერ აზომვითი ნახაზისა და განცხადების წარმოდგენის შემდეგ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას უფასოდ ახორციელებს.

უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

საქართველოში მიწის რეგისტრაცია უფასო იქნება

საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ასევე ეხმარება რეგისტრაციისთვის საჭირო სერვისების მიღებაში.

ამ ეტაპზე საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში საჯარო რეესტრიდან 25 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი, 67 000-ზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისით უკვე 2000-მდე მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა.

2016 წლის 1 აგვისტომდე საქართველოში მიწის მხოლოდ 25 პროცენტი იყო რეგისტრირებული, რაც დიდი პრობლემა იყო, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას.

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.