ჩოხატაურში მერის წარმომადგენელი ნარკოტიკების გამო დააკავეს

გელა ეზიეშვილს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბუკისცხის თემში გელა ეზიეშვილი პოლიციამ დააკავა, იუწყება „Sputnik–საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, გელა ეზიეშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით იქნა დაკავებული.

როგორც „Sputnik–საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“).

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გელა ეზიეშვილს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.