ცნობილი გახდა, როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შემდეგ კვირაში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ და შემდეგ გადაწყვეტენ, გამოუცხადონ თუ არა მათ ნდობა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ინიციატივა სამინისტროების რაოდენობის შემცირების შესახებ, ახლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრობის კანდიდატები უნდა წარადგინოს.

„ახალ კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან", — განუცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას საზოგადოება ორშაბათს, 9 ივლისს გაიგებს.

სამინისტროების შემცირება საქართველოში მეოთხედ მილიარდ ლარს მოიტანს

საქართველოში მალე 13-ის ნაცვლად 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. „მცირე მთავრობის" კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

კალაძის განცხადებით, პრემიერმა მმართველი პარტიის დეპუტატებთან კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა.

„პრემიერს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც იყო მსჯელობა სამინისტროების გაერთიანებაზე, მინისტრობის კანდიდატებზე. კანდიდატები უახლოეს დღეებში იქნებიან წარმოდგენილი. კონკრეტიკაზე თავს შევიკავებ, უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება. თავად პრემიერი ისაუბრებს ამაზე", — განაცხადა კალაძემ.

კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე 15 ივლისს გაიმართება, განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა. 13-14 ივლისს პარლამენტის კომიტეტებში მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერ მამუკა ბახტაძეს თავისის სამთავრობო პროგრამით.

თუ „ქართულ ოცნებაში" უთანხმოება არ იქნება, მთავრობა პარლამენტის ნდობას ადვილად მოიპოვებს, რადგან მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ჰყავს.

ამგვარად, ერთ თვეზე ნაკლებ დროში პარლამენტს საქართველოს უკვე მეორე მთავრობისთვის მოუწევს ნდობის გამოცხადება. ბახტაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ გახდა.