როდის უნდა შეიძინოთ თბილისში ავტობუსით მგზავრობისას ბილეთი

დედაქალაქში ბოლო დროს უბილეთო მგზავრებსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორებს შორის კონფლიქტები გახშირდა.
Sputnik

მგზავრებმა ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა შეიძინონ — განუცხადეს „Sputnik საქართველოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

„თითოეული მგზავრი ვალდებულია მთელი მგზავრობის განმავლობაში თან იქონიოს ბილეთი და წარუდგინოს ის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს, იგივე კონტროლიორს" —აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სხვადასხვა უბანში უბილეთო მგზავრობის აღკვეთის მიზნით, ყოველდღიურად 120-მდე კონტროლიორი პატრულირებს. მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაა.

კომპანიაში განმარტეს, რომ მონიტორინგის სამსახურში ორი ტიპის კონტროლიორები მუშაობენ, ისინი, ვინც გაჩერებაზე ამოწმებენ ავტობუსიდან ჩასულ მგზავრებს და ისინი ვინც მიჰყვებიან ავტობუსებს გაჩერებიდან გაჩერებამდე და ამოწმებენ ყველა მგზავრს და აჯარიმებენ თუ რომელიმეს ბილეთი არ აღმოაჩნდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კონტროლიორი ვალდებულია დააჯარიმოს უბილეთო მგზავრი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.

ძვირდება თუ არა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება

ჯარიმა 5 ლარს შეადგენს და ის უნდა დაიფაროს 30 დღის განმავლობაში. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხას დაემატება საურავი 50 ლარის ოდენობით. მგზავრს კი ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრების უფლება აქვს.

კიდევ ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც კომპანიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ, საქართველოს მთვარობის 2014 წლის 3 იანვრის № 4 დადგენილებაა. რომლის მე-6 მუხლის მე 8 პუნქტის შესაბამისად: მგზავრი ვალდებულია: ა) რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის და/ან ბარგის გადაზიდვისათვის იქონიოს ბილეთი; ბ) შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე;

მითითებულ კანონმდებლობაში არ არის უფრო მკაფიოდ განსაზღვრული მგზავრობის დაწყებიდან დროის რა მონაკვეთში უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა და ეს ხშირად კონტროლიორებსა და მგზავრებს შორის კონფლიქტის საფუძველი ხდება.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, კონტროლიორი როდესაც ავტობუსში ამოდის, ყველა მგზავრს შეძენილი უნდა ჰქონდეს ბილეთი და ვისაც არ ექნება, უნდა დაჯარიმდეს და სულაც არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გაჩერებით ადრე ამოვიდა ის ავტობუსში.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება

„მგზავრობის დაწყებად ითვლება როდესაც მგზავრი ადის ავტობუსში და შესაბამისად ის ვალდებულია, შეიძინოს ბილეთი, რადგან კონტროლიორი ვერ გაჰყვება თითოეულ მგზავრს და ვერ ნახავს აიღო თუ არა მან ბილეთი თავის გაჩერებაზე ჩასვლისას"-აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შემმოწმებლებსა და მგზავრებს შორის შელაპარაკებას იწვევს, ავტობუსში სკოლების მოსწავლეების დაჯარიმებაა.

მოსწავლეებს, რომლებიც დედაქალაქის საჯარო სკოლებში სწავლობენ, უფასო მგზავრობის უფლება აქვთ.

„თუ მოსწავლეს სპეციალური ბარათი თან არ ექნება ის შეღავათით ვერ ისარგებლებს და დაჯარიმდება კიდეც უბილეთოდ მგზავრობის შემთხვეაში, რადგან კონტროლიორს მხოლოდ ამ ბარათების მეშვეობით შეუძლია იმის დადგენა, მოზარდი მართლა თბილისში სწავლობს თუ არა"- აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

დედაქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ბარათების აღება საქართველოს ბანკში შეუძლიათ.

მაიმუნი ავტობუსში ქალს ადგილს უთმობს... შენ?

კომპანიაში განმარტეს, რომ უფასო მგზავრობა არ არსებობს და თითოეული ბავშვის, პენსიონერის ან სხვა შეღავათიანი მგზავრობის სრულ საფასურს (50 თეთრი) მათ თბილისის მერია უხდის. ამიტომაც არის მნშვნელოვანი, რომ დაფიქსირდეს ყველა მგზავრობა.

„მგზავრი იღებს ბილეთს რომელზეც აწერია 0 თეთრი და მერია იხდის შემდგომ ამ მგზავროლბის საფასურს"-აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია. 2009 წელს კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით.

 

ნატა პატარაია