თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიას მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უწყვეტი საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებისა და გამწვანებული სივრცეების შეკავშირებულ სისტემად ჩამოყალიბებას სთავაზობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი მოიწონა. იგი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნეს. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
„კალაძე კმაყოფილია — მერია თბილისის გენგეგმის პროექტს მალე დაამტკიცებს">>
გენგეგმის მიხედვით, მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის" კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა.
„მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ უნდა მოეწყოს უწყვეტი გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი, რომელიც, ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაფუძნებას", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, გენგეგმის თანახმად, საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებისა და ღია სივრცეების ფართობი, უბნების მიხედვით, ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით უნდა გასამმაგდეს და ერთ მოსახლეზე 10 კვადრატულ მეტრს უნდა აღემატებოდეს.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარების მიმართულებების დადგენისას ოთხ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებას ეყრდნობა – კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი და მედეგი ქალაქი.