თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე 1588 წელს აგებულ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ღვთისმშობლის ეკლესია კომპლექსური ძეგლია: შედგება დარბაზული ტაძრის, მასზე დასავლეთიდან მიდგმული კოშკის, გალავნისა და სამრეკლოსგან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.