კალაძემ რეზო გაბრიაძე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

თბილისის მერმა ცნობილ ქართველ სცენარისტს, მხატვარს, სკულპტორსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელ რეზო გაბრიაძეს დაბადების დღე მიულოცა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცნობილ ქართველ სცენარისტს, მხატვარს, სკულპტორსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელ რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის სიგელი გადასცა.

გაბრიაძის თეატრი გასტროლებზე საფრანგეთში გაემგზავრა

კალაძემ სიგელის გადაცემა გაბრიაძის დაბადების დღეს დაამთხვია.

„საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთა მოღვაწეობა და ხელოვნება ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდნენ და სძენენ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანია ბატონი რეზო გაბრიაძე. მას რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს 82 წელი შეუსრულდა. მინდა მივულოცო და პირველ რიგში ვუსურვო ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და გადავცე სიგელი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის", — განაცხადა კალაძემ სხდომაზე.

რეზო გაბრიაძე ქუთაისში დაიბადა 1936 წელს. იგი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია, მათ შორის არის ყველასთვის საყვარელი და ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად ქცეული ფილმები — „არ იდარდო", „მიმინო", „ქინ-ძა-ძა" და ა.შ.