თბილისში იუსტიციის სახლთან დაკავებული მოზარდი 80 ქურდობაში ამხილეს

14 წლის მოზარდი ელექტრონიკის მაღაზიიდან ქურდობის საქმის ფარგლებში დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მოზარდი, რომელიც თბილისში იუსტიციის სახლთან სამშაბათს დააკავეს, დაახლოებით 80 სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იუსტიციის სახლთან მოზარდის დაკავებისას ხმაური ატყდა. იქ მყოფი ადამიანები პოლიციისთვის მოზარდის დაკავებაში ხელის შეშლას ცდილობდნენ. ბიჭი ყვიროდა და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ პოლიციელებმა ის მაინც ჩასვეს ავტომობილში და განყოფილებაში წაიყვანეს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

როგორც აღმოჩნდა, 2004 წელს დაბადებული მოზარდი ელექტროტექნიკის მაღაზიის Elit Electronics გაქურდვის საქმის ფარგლებში დააკავეს. მაღაზია 3 ივლისს გაქურდეს. მოზარდის დანაშაულში მონაწილეობას ვიდეოკამერის ჩანაწერი ადასტურებს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ მ. ბ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის (14 წელი) მიღწევამდე ქურდობის დაახლოებით 80 ფაქტში მონაწილეობდა. საქართველოში უკვე არაერთი წელია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს.

„პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მოყვანა დაუყოვნებლივ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა მან არასრულწლოვნის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განცხადა და ორივე მათგანმა პოლიციის განყოფილება დატოვა", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.