უქმნიან თუ არა შინაური ცხოველები საფრთხეს ჩვილ ბავშვებს – რატომ ტოვებენ ადამიანები ძაღლებს

ალბათ ადამიანების უმეტესობას უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ლეკვები, თუმცა ცხოველის სახლში ყოლა გარკვეულ ცოდნას, დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.
Sputnik

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ძაღლის აყვანას გადავწყვეტთ, როგორ მოვუაროთ და რა პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩავუტაროთ, რომ ჩვენი ოჯახის ბინადარი ჯანმრთელი იყოს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვეტერინარული კლინიკა „ვეტლაიფის“ ვეტერინარი სერგო ოსიპოვი გვესაუბრა.

სერგო ოსიპოვი

— პირველ რიგში, ყველაზე სწორი იქნება ადამიანმა ცხოველის აყვანამდე იცოდეს – რა ჯიშის ცხოველი აიყვანოს, რისთვის სჭირდება და რამდენად შეძლებს მის მოვლას. ყველა ჯიშს სჭირდება თავისებური მოვლა. თუ ადამიანი დაკავებულია და არ სცალია, გაუჭირდება დიდი ძაღლის შენახვა, მაგალითად ისეთის, როგორიც არის კავკასიური ნაგაზი. ყველაზე სწორი მიდგომაა შესაბამისი ჯიშის არჩევა.

რაც შეეხება მოვლას, არსებობს გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც სჭირდება ყველა ცხოველს, განურჩევლად ჯიშისა. არსებობს სქემები, რის მიხედვითაც კეთდება ეს ყველაფერი.

როცა ლეკვი არის ოთხიდან ექვს კვირამდე, სანამ აცრა გაუკეთდება, აუცილებლად უნდა მივცეთ ჭიის წამალი. ექვსიდან რვა კვირამდე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია. კომპლექსური ვაქცინები კეთდება სამჯერ, ორკვირიანი ინტერვალით, რომელშიც შედის ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ჭირი, ენტერიტი, ჰეპატიტი და ა.შ. სამ თვეზე აუცილებლად სჭირდება ცოფის ვაქცინაცია.

სერგო ოსიპოვი

ლეკვობის პერიოდში ფაქტიურად ამით მთავრდება ვაქცინაცია. ამის შემდეგ მომავალი აცრა უწევს ერთ წელიწადში და ასე გრძელდება ცხოვრების ბოლომდე. რაც შეეხება ჭიის წამალს, ის ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა მისცეთ. ესეც უნდა გაგრძელდეს ცხოვრების ბოლომდე. რადგან ჭიის გამრავლების პერიოდი არის დაახლოებით სამი თვე, შესაბამისად, ძაღლი რომ მაქსიმალურად იყოს დაცული, ის ჭიაზე უნდა მუშავდებოდეს სამ თვეში ერთხელ.

კიდევ ერთი პროფილაქტიკური ღონისძიება გახლავთ პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება. ეს გულისხმობს რწყილებზე, ტკიპებზე დამუშავებას. პარაზიტებზე მუშავდება თვეში ერთხელ. ძირითადად საუბარია სეზონურ პრობლემაზე, რომელიც იწყება გაზაფხულიდან და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. შესაბამისად, წლის ამ მონაკვეთში აუცილებლად უნდა დამუშავდეს პარაზიტებზე.

სერგო ოსიპოვი

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ადამიანებს აჰყავთ ცხოველები, რამდენად აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა მათ წინაშე?

— წინა წლებთან შედარებით, საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს პასუხისმგებლობა გამძაფრებული აქვთ. ადამიანები ცხოველების მიმართ დღეს უფრო ყურადღებიანები არიან, ვიდრე ათი წლის წინ იყვნენ. დღეს უფრო უჯერებენ ექიმს, ექიმების მიმართაც უფრო მომთხოვნები არიან. თუმცა იდეალურამდე ჯერ კიდევ შორს ვართ და ამისთვის უფრო აქტიური მუშაობა გვჭირდება.

სერგო ოსიპოვი

– არაერთხელ მინახავს სოციალურ ქსელში პოსტი, სადაც წერენ, რომ ეყოლათ ბავშვი, რის გამოც აჩუქებენ შინაურ ცხოველს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს და რეალურად უქმნის თუ არა საფრთხეს ახალშობილს ძაღლი?

— არანაირ ზიანს არ მიაყენებს ცხოველი ახალშობილს, თუ, რა თქმა უნდა, ცხოველი არის ჯანმრთელი და ყველა ის საპროფილაქტიკო ღონისძიებები ჩატარებული აქვს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის და ადამიანის ინფექციური დაავადებები განსხვავდება და ძალიან იშვიათად ხდება ამ დაავადებების გადადება, მაინც აუცილებელია დროულად ჩატარდეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება ბავშვს. პრაქტიკულად ეს გამორიცხულია.

– რის მიხედვით ხდება ცხოველების შეჯვარება და შესაძლებელია თუ არა ნებისმიერმა ადამიანმა შეაჯვაროს ცხოველები?

— რეალურად ეს პროცედურა უნდა აკეთოს პროფესიონალმა და არა ცხოველის მფლობელმა. არსებობენ მომშენებლები, რომლებმაც უნდა აკეთონ ეს საქმე. სამწუხაროდ, თბილისში ვერ განვვითარდით იმ დონეზე, რომ მოყვარულს არ ჰქონდეს საშუალება შეაჯვაროს და გაამრავლოს ცხოველები. შეჯვარება უნდა მოხდეს ჯიშების მიხედვით. არსებობს გამოფენები, სადაც უნდა გაიყვანოს მომშენებელმა ძაღლი, მიიღოს შეფასება. ყველა ძაღლს მოჰყვება საგვარეულო ნუსხა, საბუთი, სადაც სამი-ოთხი თაობა უწერია. თუ ცხოველებს შორის არსებობს ნათესაური კავშირი, არის რისკი, რომ ლეკვი დაიბადოს დეფექტური, ჩამოუყალიბებელი. რეალურად კინოლოგიაში ეს ცოტა სხვა დარგია. ეს ვეტერინარიასთან მაინც და მაინც არ არის კავშირში. ეს კინოლოგიის სამსახურმა უნდა აკეთოს.

სერგო ოსიპოვი

– სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარებაზე რას გვეტყვით?

— სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება საერთოდ არ შეიძლება. მაგალითად, არ შეიძლება კავკასიური ნაგაზი შეჯვარდეს გერმანულ ნაგაზთან. ამით პრაქტიკულად ვაფუჭებთ ჯიშს და იმ თვისებებს, რა თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ჯიშის ძაღლს.

სერგო ოსიპოვი

– საზღვარგარეთ იშვიათად შევხვედრილვარ ქუჩაში ჯიშიან ძაღლს, ძირითადად ჰყავთ მეტისები. საქართველოში პირიქით არის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

— რა თქმა უნდა, ჯიშიანი ძაღლებიც ჰყავთ, თუმცა უფრო ხშირად ხვდებით მეტისებს. საზღვარგარეთ ვეტერინარის მომსახურება და, ზოგადად, ცხოველის შენახვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მეტისებთან დაკავშირებით კი, რამდენადაც მე ვიცი, არსებობს ფასდაკლებები, შეღავათები. თანაც, ჯიშიანი ლეკვებიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან. რაც მთავარია, ვისაც ძაღლი უნდა, იმისთვის მნიშვნელობა არ აქვს ჯიშს. ზრდიან მეტისებს და ბედნიერები არიან.

– ყველაზე ხშირად რა პრობლემას აწყდებით საზოგადოებაში?

— პირველ რიგში ეს არის გულგრილობა, აგრესია ცხოველების მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვიწევს დაჩეხილ, დამტვრეულ, ნაწამებ ძაღლებთან და კატებთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ქუჩის ცხოველებს ვგულისხმობ. სასურველია რეგულაციები გამკაცრდეს. ასეთი ადამიანების მიმართ კანონი უნდა იყოს უმკაცრესი. როცა ასეთ საშინელ დანაშაულს სჩადის ადამიანი, მან შესაბამისად უნდა აგოს პასუხი და გაუშვან ციხეში. საქართველოში რაღაც კანონი არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არასაკმარისად მკაცრია. მე, სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ დასჯილ ადამიანზე არ მსმენია, ვინც გარკვეული სისასტიკე ჩაიდინა ცხოველების მიმართ.