კალათბურთის ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მეორე ეტაპი ქართველი კალათბურთელებისთვის 16 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში ავსტრიის ნაკრებს მოუგო - 98:73 და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.

მატჩის დასაწყისში კალათბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ, ვერც ერთი გუნდი ვერ დაწინაურდა. მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ხელთ იგდეს უპირატესობა, რომელიც ფინალურ სასტვენამდე შეინარჩუნეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი 51:33 დამთავრდა ქართველების გამარჯვებით. მასპინძლების შემადგენლობაში ყველაზე აქტიური ესპანეთის „ბასკონიის" თავდამსხმელი თორნიკე შენგელია იყო.

შესვენების შემდეგ ილიას ზუროსის გუნდმა განაგრძო აქტიურობა. მესამე მეოთხედი დამთავრდა ანგარიშით 25:19. მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა თავს ცოტა მოდუნების საშუალება მისცეს და სტუმრებზე ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს — 22:21. საბოლოოდ დაფიქსირდა დამაჯერებელი გამარჯვება — 98:73.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია იყო — 24 ქულა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა სერბეთთან წააგო

ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრები G შესარჩევი ჯგუფის მესამე ადგილზე გავიდა და მონაწილეობას მიიღებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში. ქართულ გუნდთან ერთად მსოფლიო პირველობის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები. ავსტრიამ შესარჩევ ციკლში მონაწილეობა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში საქართველოს ნაკრები L ჯგუფში გამოვა გერმანიის, სერბეთის, საბერძნეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად. გერმანიასა და სერბეთს ქართველი კალათბურთელები აღარ შეხვდებიან, ხოლო დანარჩენ სამ მეტოქესთან ორ-ორ მატჩს გამართავენ — სახლში და სტუმრად. მსოფლიო ჩემპიონატზე გავლენ გუნდები, რომლებიც ჯგუფში პირველ სამ ადგილს დაიკავებენ.

მეორე შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 16 სექტემბერს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთში გაიმართება. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებს არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა.