სიახლეები ბათუმის პლაჟზე: პლაჟის ნაწილი შშმ პირებისთვის ნაწილობრივ ადაპტირებული გახდა

ადაპტირებული ბილიკის მოწყობისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 42 ათას ლარამდე დახარჯა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ბათუმის პლაჟების ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ნაწილობრივ ადაპტირებული გახდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ამისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ თითქმის 42 ათასი ლარი დახარჯა. კერძოდ, რვაკილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ხუთი ხის ბილიკი, რომელთა სიგრძეა 80 მეტრი, ხოლო სიგანე – 120 სანტიმეტრი. ბილიკები მაქსიმალურად უახლოვდება სანაპირო ზოლს. ის ზღვამდე რამდენიმე მეტრში წყდება. ბილიკის გაგრძელება ზღვამდე სახიფათოდ მიიჩნიეს, რადგან ზღვის სანაპირო დაქანებულია და, შესაბამისად, ეტლით მოსიარულე ადამიანს ეტლის გაჩერება, ასევე უკან, სიმაღლეზე ასვლა დამოუკიდებლად შეიძლება გაუჭირდეს.

ბილიკები განლაგებულია დემეტრე თავდადებულის და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების მოპირდაპირედ, ასევე დელფინარიუმის, სასტუმრო „კოლიზეუმის“ და რესტორან „აჭარული სახლის“ გასწვრივ.  

ადაპტირებული ბილიკები უკვე შეამოწმეს შშმ პირებმაც. მათ ბულვარის ადამინისტრაციასთან შეხვედრაზე სხვა საჭიროებებზეც ისაუბრეს. მათი აზრით, აუცილებელია მთელი პლაჟის ადაპტირება. ბულვარის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამომავლოდ წყალში შეჭრილი პანდუსის იდეის რეალიზებაზე მუშაობენ. 

ბულვარის ადმინისტრაცია აგრეთვე მოლაპარაკებებს აწარმოებს მოიჯარეებთან, რათა კერძო პირებმა ხის ბილიკები პლაჟებამდე, იქ განთავსებულ ობიექტებთან ახლოს მიიყვანონ.

ბილიკები შშმ პირებისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „როდამ“ გააკეთა.