საქართველოს ეკონომიკა რეკორდული ტემპებით იზრდება

ზრდა 2018 წლის მაისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის სფეროებში
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%–ს მიაღწია, რაც ადასტურებს იმას, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე პარასკევს.

წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში 2018 წლის მაისში 7,5% შეადგინა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო პირველ ხუთ თვეში – 6,1%, ნათქვამია საქართველოს სატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

ექსპორტს საქართველოდან რეკორდული მაჩვენებელი აქვს

პრემიერ–მინისტრის შეფასებით, ეს ადასტურებს, რომ განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად დაჩქარდება.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი ეფექტიც. პირველ რიგში, მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც, ამავე პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაზრდილია, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, – განაცხადა პრემიერმა.

მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლის მაისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.