ქართველი მოლაშქრე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე და რაჭაში მოგზაურობაზე ოცნებობს

Sputnik

ლიკა არაბიძე უკვე ოთხი წელია, ბარსელონაში ცხოვრობს, თუცა სამშობლოს სიყვარული წამითაც არ განელებია. თითქმის მთელი საქართველო ფეხით აქვს შემოვლილი, ბარსელონაში კი იპოვა ადგილები, რომელიც საქართველოს ბუნებას ჰგავს და ცდილობს, ხშირად ეწვიოს იქაურობას, რათა მონატრების სურვილი მოიკლას.

ალბათ, შეუძლებელია, ნახო თოვლით დაფარული გერგეტი, ცად აზიდული კოშკები თუშეთში, იდუმალი სვანეთი და შთაბეჭდილებების ქვეშ არ მოექცე. ლიკა სწორედ  ამ შთაბეჭდილებებზე და ემოციებზე გვესაუბრა. 

ლიკა არაბიძე ესპანეთში

— მოგზაურობის სურვილი და სიყვარული ვფიქრობ, სკოლის ექსკურსიების დროიდან დაიწყო. მახსოვს მომდევნო დღის თავგადასავლის მოლოდინით იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული და აღელვებული,  მთელი ღამე ვერ ვიძინებდი და მალე გათენებას ვნატრობდი.

სერიოზული მოგზაურობები კი ბევრი წლის შემდეგ დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა ტოლო ფილიევმა, რომელიც ლაშქრობის დიდი მოტრფიალეა, ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ყინწვისისა და სარკის წმინდა გიორგის მოსანახულებლად მიდიოდა. მეც გამიჩნდა წასვლის სურვილი. იმ დღიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, „მოვიწამლე" ლაშქრობით. თავიდან მეგობრები დავდიოდით ერთად, შემდეგ სხვებიც შემოგვიერთდნენ. სახელი და ლოგოც შევურჩიეთ ჩვენს გუნდს — „შემოიარე საქართველო“, და მართლაც, თითქმის ფეხდაფეხ შემოვიარეთ მთელი ქვეყანა. 

ლიკა არაბიძე მეგობართან ერთად უშგულში

- როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

— ულამაზესია ჩვენი ქვეყანა. ეს ყოველთვის ვიცოდი, თუმცა ყოველ ჯერზე ნანახი აჭარბებდა მოლოდინს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება თუშეთმა მოახდინა. პირველ რიგში კი გზამ თუშეთამდე. გრჩება შეგრძნება, რომ ღრუბლებს ზემოდან დაჰყურებ. შემოდგომა იყო, ათასფერად აჭრელებული არემარე. თითოეული სოფელი თავისი ულამაზესი სახლებით, ეზოებით, ისტორიით, ჩანჩქერებით, მთებზე შეფენილი ცხვრის ფარებით სამუდამო კვალს ტოვებს სულსა და გულში. საოცარი განცდაა დილით კარავში გაღვიძება და ამ სილამაზის ხილვა, როგორ თენდება და  გადადის ნისლი, როგორ დაფრინავენ არწივები შენ თვალწინ. მერე კი ანთებ ცეცხლს და მეგობრებთან ერთად მიირთმევ ყავას.

- ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი…

— ეს არის ლომისა ზამთარში, თოვლში და იქიდან დანახული თეთრი საქართველო. ასვლისას რამდენიმე საათი მივიკვლევდით მინამქრულ და გაუკვალავ გზას. შორიდანვე ამჩნევ ტაძარს. ეს გაძლევს ძალას და ენერგიას. დაღლილობისგან ეცემი, დგები, ისევ ეცემი, დგები… ისევ აგრძელებ სიარულს. მახსოვს ბერების გაოცებული სახეები. ასეთ დროს იქ თითქმის არავის ელიან. ძალიან გაეხარდათ, შორიდანვე შეგვნიშნეს, გზად გამოდგნენ, შეგვეშველნენ. არასდროს დამავიწყდება მათი შემოთავაზებული ცხელი თავშავას ჩაისა და „პოვიდლოიანი“ პურის არომატი და გემო. 

ლიკა არაბიძე მეგობართან ერთად გერგეტზე

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურია? გაიხსენეთ ეს ლაშქრობა, მოგზაურობა.

— ექსტრემალურ სიტუაციაში გერგეტზე ლაშქრობისას აღმოვჩნდი. დეკემბერი იყო, თოვლი, ნამქერი, ქარბუქი. ვეღარ მოვასწარით უკან დაბრუნება, ზვავსაშიშროება გამოცხადდა და ყაზბეგში გზა გადაიკეტა. რამდენიმე დღე მოგვიწია ლოდინი. ერთმა მადლიანმა ყაზბეგელმა, ვანო ძიამ შეგვიფარა და დაგვაპურა. გზის გახსნის მოლოდინში მანქანების კოლონები იდგა. ბოლოს ლოდინი მოგვბეზრდა. გამთენიას, როცა ყველას ეძინა, გამშვებ პუნქტზე გადავიპარეთ. 8 საათზე მეტი მივდიოდით (უფრო მივბობღავდით) ჯვრის უღელტეხილზე —20 °C სიცივეში და წელამდე თოვლში, ცუდ ხილვადობაში. იმდენად თეთრი იყო არემარე, შეუძლებელი იყო გარჩევა, სად მთავრდებოდა მთა და იწყებოდა ცა. ადგილ-ადგილ მგლის ნაფეხურები გვხვდებოდა. გუდაურში უკვე გველოდა მეგობარი. ცხადია, გუდაურის პუნქტთანაც ანალოგიურად იდგნენ გზის გახსნის მომლოდინე სატვირთო თუ სამგზავრო მანქანები. ყველას გაუგია, რომ უზარმაზარ თოვლში გზას მივიკვლევდით და  გვგულშემატკივრობდნენ. არასდროს დამავიწყდება განცდა, რომ გამოვჩნდით, მშვიდობით რომ დავბრუნდით, როგორი ტაშით შეგვხვდა ერთად შეკრებილი ხალხი…

ყველას ვურჩევ, რაც ჩვენ გავწიეთ, ისეთ რისკზე ნუ წავლენ. 

ლიკა არაბიძე მეგობართან ერთად გერგეტზე

- კურიოზულ სიტუაციაში  თუ ჩავარდნილხართ მოგზაურობის დროს?

— კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ. „დანახვისის“ სანახავად მივდიოდით. გადაწყდა, რომ თბილისი-ბორჯომის მატარებლით ვიმგზავრებდით გორამდე. ბაქანი შემეშალა. როგორც იქნა, გავერკვიე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი, მივასწარი და ის იყო, ფეხი უნდა ამედგა მატარებელში, რომ ცხვირწინ დამეკეტა კარები. ვუყურებდი, როგორ წავიდნენ ჩემი მეგობრები ფანჯრიდან ხელის ქნევით და მე დავრჩი ბაქანზე მარტო მთელი ჩემი სალაშქრო აღჭურვილობით.

- არის საქართველოში კუთხე სადაც ჯერ არ ხართ ნამყოფი?

— დღეს ესპანეთში ვცხოვრობ. გულწრფელად გეტყვით ყველა იმ მონატრებასთან ერთად, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია ერთ-ერთი მთავარი ლაშქრობაა. რაჭა და მარტვილის კანიონი არ მაქვს ნანახი, რაზეც ძალიან მწყდება გული. უკვე წინასწარ ვარ შეთანხმებული ტოლიკასთან — „შემოიარე საქართველოს" გუნდის გენერალთან  (ხუმრობით ასე ვუწოდებთ) და სულის ჩამდგმელთან, ჩემი ჩამოსვლისთვის სპეციალურად დაგეგმავს ამ და ბევრ სხვა ტურს, რომელიც ამოუწურავია საქართველოში. 

ლიკა არაბიძე მეგობართან ერთად ესპანეთში

- როგორც აღნიშნეთ, დღეს ესპანეთში ცხოვრობთ. ამ ქვეყანაზე რას გვეტყვით, როგორ მიგიღოთ და შეგაყვარათ თავი?

— ესპანეთმა, კერძოდ ბარსელონამ, ქალაქმა, სადაც ვცხოვრობ, თავი მართალა ძალიან შემაყვარა. გამორჩეულია თავისი სილამაზით, არქიტექტურით, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და მუდამ მომღიმარი მცხოვრებლებით. ეს არის ქალაქი, რომლის გოთური კვარტალი აუცილებლად ფეხით უნდა შემოიაროთ და ნახოთ ვიწრო ქუჩების ლაბირინთი თავისი უძველესი სახლებით, მუზეუმებით, სკვერებით, ფანტანებით, რესტორნებით. კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მოდერნისტული ხედვის არქიტექტურა განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბარსელონას. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კი ნახავთ ბუნებას, რომელიც პირადად მე საქართველოს მაგონებს, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ხშირად მოვინახულო.

- უცხო ქვეყნებშიც ხართ ნამყოფი. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მოგზაურობა?

— მოგზაურობა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი ახალი ქვეყნის თუ ადგილის ნახვის შემდეგ, ჩემი აზრით, იზრდები სულიერად, მდიდრდები გონებრივად და ივსები  სასიამოვნო ემოციებით. 

ლიკა არაბიძე მეგობართან ერთად ესპანეთში

- უცხო ქვეყნებიდან რომელს გამოარჩევდით, რომელმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

— განსაკუთრებული შთაბეჭდილება დუბაიმ მოახდინა, თავისი თანამედროვე არქიტექტურით, მრავალსართულიანი შენობებით, სუპერმაღალი ცათამბჯენით „ბურჯ-ხალიფა", რომლის სიმაღლე 828 მეტრია და აღიარებულია ადამიანის შექმნილ ყველაზე მაღალ სტრუქტურულ ნაგებობად. ასევე დიდი ყურადღება მიიქცია თავისი სიმდიდრით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების სიხშირით და სავაჭრო ცენტრებით.

- სამომავლოდ რის მონახულებას აპირებთ?

— ჩემს უახლოეს სამომავლო გეგმას საფრანგეთის, კერძოდ პარიზის მონახულება შეადგენს. ეს არის ჩემი ოცნების ქალაქი იმ დროიდან, რაც პირველად ალექსანდრე დიუმას, ვიქტორ ჰიუგოს  ნაწარმოებები წავიკითხე. დიდ იმედს ვიტოვებ, ჩემი ბავშვობის ნატვრას ძალიან მალე ავიხდენ.