თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სენაკის მუნიციპალიტეტში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კედარის სახეობის 10 ერთეული და კრიპტომერიის სახეობის 7 ერთეული უკანონოდ მოჭრილი ხე ნახეს. ადგილზე აღებული კოორდინატები საკუთრების უფლების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. მათი პასუხის თანახმად, 10 ერთეული კედარის სახეობის ხის ჭრის ქარსაფარი ზოლის ტერიტორია, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტერიტორიაზეა მოჭრილი“, ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 10 ერთეული კედარის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2180,10 ლარი შეადგინა. 7 ერთეული კრიპტომერიის ხის მოჭრისათვის გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა კი 850 ლარი.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.