მძღოლებო, ფრთხილად: ბაზარზე ძრავის უხარისხო ზეთია

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული 800 ლიტრი ავტომობილის ძრავის ზეთი.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულები თბილისში ავტომობილის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია „მობილის“ სასაქონლო ნიშანს იყენებდნენ და  რეალიზაციას უწევდნენ უხარისხო ზეთს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული 800 ლიტრი ავტომობილის ძრავის ზეთი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება“), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.