სავალუტო ფონდმა საქართველოს სტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად თანხა გამოუყო

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკის სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის გასაღები რეფორმების ხელშეწყობაა, რომელიც მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდაზე, განათლების გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობაზე, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ)  დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრამის მეორე მიმოხილვას მხარი დაუჭირა და ქვეყნისთვის 42,25 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მესამე ტრანშის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოში სტრუქტურული რეფორმები დაიწყო და საჭიროა მათი დაჩქარება, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში მოხდეს კერძო სექტორზე ორიენტირებული მოღვაწეობის სტიმულირება“, – განაცხადა სხდომის შემდეგ ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჩჟანმა.

მისი სიტყვებით, საქართველომ სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დეკემბრის ბოლოსთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულდა, ამასთან, მათი უმეტესობა გადაჭარბებით. 

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება“, – განაცხადა ტაო ჩჟანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ბაზრებში მიმდინარე პროცესების მიმართ.

„გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დარჩენილი ხარვეზების დასაძლევად და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად“, – განაცხადა სსფ–ის წარმომადგენელმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება, სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 82,8 მილიონი აშშ დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.

თანხის დანარჩენ ნაწილს საქართველო ორი წლის განმავლობაში, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებს.