„უალტერნატივო შეთავაზება" – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

საქართველოს პრემიერმა აფხაზებს ეკონომიკის ერთად განვითარება და ღირსეულ სახელმწიფოში გვერდიგვერდ ცხოვრება შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალმა მეთაურმა მამუკა ბახტაძემ აფხაზებს ძმები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი უკეთესად იცხოვრებენ საქართველოში.

ეს კომენტარი პრემიერმა ზუგდიდში გააკეთა, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია.

„სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, კონკრეტული ამოცანების მიღწევა და, რაც მთავარია, ის, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს არის ხასიათის სიმტკიცე და მდგრადობა იმ გამოწვევების მიმართ, რაც ჩვენ გვაქვს", — განაცხადა ბახტაძემ, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა

პრემიერის თქმით, საქართველომ თავისი განვითარებით უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანაში შესაძლებელია საკუთარი ნიჭის განვითარება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა თავსებადობაზე ევროპასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ეკონომიკა დავაწიოთ ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება. სწორედ ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის უნდა იყოს მთავარი ამოცანა", — განაცხადა ბახტაძემ.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.

ბახტაძე საქართველოს პრემიერი მიმდინარე წლის 20 ივნისს გახდა. მან თავისი მუშაობის მთავარ პრიორიტეტებად განათლების, ეკონომიკის სფეროების განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა დაასახელა.