თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი შესაძლებელია გათანაბრდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ შორეული პერსპექტივაა, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
საქართველოს კანონმდებლობით, ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლიდან, მამაკაცებისთვის – 65 წლიდან.
ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა მან არ გამორიცხა საპენსიო ასაკის გათანაბრების შესაძლებლობა.
„ქალები ჩვენთან 5 წლით ადრე გადიან პენსიაზე და 5 წლით მეტს ცოცხლობენ, შესაბამისად, გამოდის, რომ 10 წლით მეტს სარგებლობენ, მე ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ სასურველი იქნება, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს ასაკის გათანაბრება, არ არის აუცილებელი, რომ გათანაბრდეს 65 წელზე, შეიძლება გავათანაბროთ სადღაც შუაში – 63.5-ზე", – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს ასაკობრივ საპენსიო პაკეტს 732 067 პენსიონერი იღებდა.
აღსანიშნავია, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
ზოგიერთ ქვეყანაში საპენსიო სისტემა დაფუძნებულია სოლიდარობის პრინციპზე, ზოგში დაგროვებითი საპენსიო სქემა მუშაობს ან შერეული სისტემაა. პენსიის მიღებისთვის საჭირო ასაკიც ქვეყნებს შორის განსხვავებულია, ასევე რიგ ქვეყნებში განსხვავებულია საპენსიო ასაკი ქალებსა და მამაკაცებს შორის.