მაშველებმა, დედის ნების წინააღმდეგ, მანქანის მინა ჩატეხეს და ჩვილი გადაარჩინეს

ადგილზე გამოცხადებულმა მაშველებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანა ცენტრალური საკეტით ჩარაზულიყო და ქალს მინის ჩამტვრევა შესთავაზეს, რათა ბავშვი გახურებული სალონიდან გამოეყვანათ.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მინსკელმა მაშველებმა ჩვილი ბავშვი გადაარჩინეს, რომელიც სიცხეში მანქანაში ჩაიკეტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Sputnik Беларусь-ი.

ინციდენტი 26 გრადუსიანი სიცხისას მოხდა. სამაშველო სამსახურში აღელვებულმა დედამ დარეკა და განაცხადა, რომ ავტომობილ  Audi Q5-ის კარი ჩაეკეტა, ხოლო სალონში რამდენიმე თვის ბავშვი დარჩა. 

ადგილზე გამოცხადებულმა მაშველებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანა ცენტრალური საკეტით ჩარაზულიყო და ქალს მინის ჩამტვრევა შესთავაზეს, რათა ბავშვი გახურებული სალონიდან გამოეყვანათ. თუმცა ბავშვის დედამ ამგვარ „უკიდურეს ნაბიჯზე“ წასვლისგან თავი შეიკავა და საკეტების გამხსნელი გამოიძახა.

მას შემდეგ, რაც ავტომობილი ვერც საკეტების სპეციალისტმა გააღო, მაშველებმა მაინც ჩაამტვრიეს მანქანის წინა მარცხენა მინა და ჩვილი გამოიყვანეს.