ორსულობა და მშობიარობა: რას ნიშნავს სრულფასოვანი მშობლის სტატუსი

რუბრიკა "ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი "არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.
Sputnik

ორსულობა, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი სხვადასხვა ფაზებია, რომლებიც შეიძლება მიმდინარეობდეს ფიზიოლოგიურად ან გადახრებით. ორსულობის პერიოდში ადგილი აქვს ცვლილებებს ქალის ფსიქო-ფიზიოლოგიურ სისტემაში. ადაპტაცია ორსულობასთან, მომავალ დედობასთან, მშობიარობასთან განსხვავებული წარმატებებით მიმდინარეობს სხვადასხვა ქალში. ორსულობის მიმდინარეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის სურვილს, უნდა თუ არა მას ბავშვი. ქალის გაცნობიერებული სურვილი და მისი გაუცნობიერებელი ტენდენციები ხშირად არ მოდის ერთმანეთთან თანხვედრაში. თითქოს მტკიცე გადაწყვეტილება "არ მინდა ბავშვი", არ გამორიცხავს ბავშვის გაჩენის გაუცნობიერებელ სურვილს და, პირიქით, ბავშვის ყოლის გაცნობიერებულ სურვილს შესაძლოა გაუცნობიერებელი ტენდენცია ეწინააღმდეგებოდეს და ეს შიდაპიროვნული კონფლიქტი, შესაძლოა, ორსულობისა და მშობიარობის პროცესზე ნეგატიურად აისახებოდეს.

სტაბილური ქალის ბუნებრივი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაა ჰყავდეს შვილი, მოუაროს მას, ძუძუთი გამოკვებოს, გაზარდოს. თუმცა ნევროტული სიმპტომატიკა, შიშები, შიდაპიროვნული კონფლიქტები ხშირად თრგუნავს ქალის ამ მოთხოვნილებას და წინააღმდეგობას ქმნის. ბავშვის ყოლის სურვილის გვერდით თავს იჩენს მასთან დაკავშირებული შიშები. ეს ხელს უწყობს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სომატური დარღვევების განვითარებას. ამიტომ ვამბობთ, რომ ორსულობის პროცესი ფსიქოსომატური ბუნებისაა.

ორსული ქალი

ის, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს და როგორ ვგრძნობ თავს ორსულობის პერიოდში თუ მშობიარობის დროს, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის ემოციებთან და განწყობებთან. ბავშვობაში შესაძლოა მომისმენია, როგორ ჰყვებოდნენ თავის საშინელ ისტორიას მშობიარობასთან დაკავშირებით, თითქოს ორსულობაც და მშობიარობაც საშინელ ტკივილებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული. ანუ, ჩემი რწმენა-შეხედულება, რაც ავტორიტეტი, საყვარელი დედისგან მესიჯად მივიღე ამ საკითხის მიმართ, ცალსახად ნეგატიურია.

დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას მენსტრუაციის მიმართ, რა განცდები გვქონდა მენარხეს (პირველი მენსტრუაციის) მიმართ, ეს საშიში და ბინძური მდგომარეობაა, რომლის დადგომაც მტკივნეულია. ეს განწყობები განაპირობებს ხშირად გართულებულ პრემენსტრუალურ სინდრომს, ტკივილებს, დისმენორეას…

სექსისადმი დამოკიდებულებები — სირთულეები

სექსის მიმართ რწმენა-შეხედულებების განმტკიცება იწყება ბავშვობიდან, როცა ბავშვი იწყებს მასტურბაციას, თვითმანიპულაციას თავისი სხეულის შესაცნობად. თუმცა მშობლებისგან იღებს ძლიერ ტაბუს, აკრძალვას. გოგონა აღიქვამს, რომ ზოგადად სექსუალური სურვილები ნეგატიური დატვირთვისაა, ან დიდი ცოდვაა და ბავშვობაში მასტურბაციით ჩადენილი ცოდვის, საშინელი დანაშაულის გამო დღეს არ გეკუთვნის, არ ხარ შვილის ყოლის ღირსი, ან ბავშვის ყოლას დიდი ტანჯვის ფასად მიაღწევ. შედეგად შესაძლოა მივიღოთ გართულებები: უშვილობა, დაორსულების სირთულეები, სპონტანური აბორტები, ორსულობისას ძლიერი მუცლის ტკივილები, ტოქსიკოზი, გაძლიერებული, გამძაფრებული, ღებინება. თითქმის მთელი ორსულობის განმავლობაში შესაძლებელია გამძაფრებული იყოს ზიზღიანობა ქმრის, კონკრეტული საგნების და მოვლენების მიმართ, საკვებისადმი, ძუძუთი კვებისა და მშობიარობის პროცესის მიმართ ძლიერი შიში და ზიზღი. ნორმის ფარგლებში ძუძუთი კვება ქალისთვის სასიამოვნო აქტია, მაგრამ შიშს, ზიზღს და მოუმზადებლობას მივყავართ გართულებებამდე: ძუძუს თავების დახეთქვა და გამოკვების სირთულეები, რძის გაშრობა, მასტიტი (ძუძუს ქსოვილების ანთება)…

ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა

სტაბილური ქალი, რომელიც ფსიქოლოგიურად არის მომზადებული, ბუნებრივად მიჰყვება ფიზიოლოგიურ პროცესს, აკვირდება იმ ცვლილებებს, რაც მის ორგანიზმში მიმდინარეობს, ჯანსაღად იკვებება, მუშაობს, ვარჯიშობს, მიჰყვება ექიმის რჩევებს, ისვენებს, სძინავს, სწავლობს სუნთქვით ვარჯიშებს, სწავლობს სწორად ჭინთვას, რაც შემდგომ მშობიარობის პროცესს გაუადვილებს, ამზადებს ძუძუს თავებს ძუძუთი კვებისთვის. მშობიარობა მტკივნეულია, თუმცა ეს ტკივილი ასატანი და მართვადია.

მსგავსი სირთულეები ორსულობისა და მშობიარობის დროს მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ქალის ფსიქოლოგიურ კონფლიქტებთან, თვითშეფასების პრობლემატიკასთან და ქალურობის უარყოფასთან. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიის გზით გაუცნობიერებელი კონფლიქტების დაძლევა, თვითშეფასების დასტაბილურება, ქალურობის მიღება და აღიარება და მომზადება მომავალი მშობლობისთვის. დედობა, მშობლობა დიდი ბედნიერებაა, მშობიარობის შემდეგ პატარას მუცელზე დაწვენა და მისი სხეულის შეგრძნება, ძუძუთი კვება, მოვლა, დაბანა, დღის რეჟიმის დაგეგმვა, ინფორმაციის შეგროვება, ზრუნვა ქალის ბუნებრივი, ინსტინქტური მოთხოვნილებაა. იმისათვის, რომ ეს ბედნიერება სრულფასოვნად განვიცადოთ და ყოველი წამით აუთენტურად დავტკბეთ, საჭიროა მომზადებული, გაწონასწორებული დედა.

ორსული ქალი

როდის მოქმედებს მომავალ მამაში გაქცევის მექანიზმი

მსგავსი ტიპის სირთულეები, შიშები და ზიზღიანობა შესაძლოა მამაკაცებისთვისაც იყოს დამახასიათებელი. მომავალ მამას შესაძლოა აშინებდეს ცოლის მდგომარეობა ორსულობის პერიოდში, მშობიარობის პროცესი, თავისი მომავალი სტატუსი. ამის ფონზე ხშირად მამაკაცში მოქმედებს გაქცევის მექანიზმი. როდესაც ნევროტული სიმპტომატიკის მქონე ქალი ვერ გრძნობს სათანადო ყურადღებასა და მხარდაჭერას პარტნიორისგან, მისი სიმპტომატიკა და სირთულეები უფრო მწვავდება, საქმე შესაძლოა მივიდეს კონფლიქტებთან და დაპირისპირებასთან. ნევროტული სიმპტომატიკის მქონე მამაკაცები ზოგჯერ ეჭვიანობენ აწ უკვე მომავალ შვილზე, რომელიც „წაართმევს" მას ცოლს, მანამდე ხომ მისი მეუღლის ინტერესისა და ყურადღების ობიექტი მხოლოდ ის იყო, ახლა კი ყურადღება ნაწილდება ბავშვზე, მოსამზადებელ პერიოდზე, კაცს კი უჩნდება მიტოვებულობისა და მარტოობის განცდები, უჩნდება აგრესია მომავალი შვილის მიმართ. ეს მდგომარეობა კი შესაძლოა უფრო გამწვავდეს ბავშვის დაბადებასთან ერთად. ამიტომ გაცნობიერებული სურვილი „მინდა შვილი" მსგავს გაუცნობიერებელ მექანიზმს ეჯახება და იქმნება შიდაპიროვნული კონფლიქტი. მამაკაცის ეს კონფლიქტი დაკავშირებულია მის ბავშვობის განცდებთან, როცა ოჯახში და-ძმის დაბადების ან სხვა პრობლემის გამო ბიჭს მოაკლდა დედის ყურადღება, ეჭვიანობდა და-ძმებზე და უჩნდებოდა აგრესია მათ მიმართ დედის „დაკარგვის" გამო.

უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ

მომზადებული ცოლ-ქმარი

გაწონასწორებული და სტაბილური მომავალი მამა ბუნებრივად იღებს ამ მეტად სასიხარულო მოვლენას, ეხმარება და მხარს უჭერს მეუღლეს, მასთან ერთად დადის გინეკოლოგთან ვიზიტებზე, იზიარებს ყველა სიახლეს თუ მოვლენას ორსულობის პროცესში, სიამოვნებით უსმენს ნაყოფის გულისცემას და სიხარულით რეაგირებს მის მოძრაობაზე მუცელში, მისი ფეხის მოჭერას საშვილოსნოს კედელზე. ის გაცნობიერებულად და მომზადებული ესწრება მშობიარობის პროცესს, მშობიარობის შემდგომ ის გააზრებულად ეხმარება მეუღლეს შვილის მოვლაში, ხშირად საშუალებას აძლევს ცოლს დაისვენოს, დაიძინოს და თავის თავზე იღებს შვილის ბანაობას, საფენის გამოცვლას თუ დაძინებას. მამა თავიდანვე მონაწილეობს შვილის მოვლასა და აღზრდაში. მსგავსი სურვილები მას ბუნებრივად უჩნდება. სტაბილური, ფსიქოლოგიურად მომზადებული ცოლ-ქმარი ერთად გადის ყველა ფაზას, ისინი თანამშრომლობენ და სირთულეებსაც ურთიერთგაზიარებით უმკლავდებიან.