კალაძე რეაბილიტირებულ უბნებში ფასადებზე კონდიციონერების დემონტაჟს ითხოვს

კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მესაკუთრეებს თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მიეცემათ, დაზიანებულ, მიგრეულ-მონგრეულ და გაუბედურებულ ფასადებს კი მერია აღადგენს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ბოლო დროს ფასადების დაზიანებისა და ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა, რასაც მოსახლეობის მიერ კონდიციონერების, გამათბობლების, მილებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის დამონტაჟება იწვევს.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, 2016 წელს თბილისის მერიის დაფინანსებით აღმაშენებლის გამზირის ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია – ქალაქს ისტორიული იერსახე აღუდგეს და შეუნარჩუდეს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა იერსახის, ფასადების დაზიანება… ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამას მოვუაროთ, აღვადგინოთ, შევინარჩუნოთ და შემდეგ ისევ ჩვენ თვითონ ვაზიანებთ. სამწუხაროა", – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე მიიჩნევს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა არ უნდა მოხდეს ფასადების დაზიანების ხარჯზე.

„კატეგორიულად მიუღებელია ეს მიდგომა. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც დაიცავს იმ შენობა-ნაგებობებს და არავის უნდა მისცენ დაზიანების შესაძლებლობა", — განმარტა მერმა.

როგორც კალაძემ განაცხადა, დღეიდან ზედამხედველობის სამსახური მსგავსი ფაქტების აღრიცხვას დაიწყებს. მან იმედი გამოთქვა, რომ გონივრულ ვადაში მოხდება დემონტაჟი და სხვა უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო არ გახდება.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მილიონობით ლარს ხარჯავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალში მერია ქალაქის სხვა რაიონების რეაბილიტაციისთვის კიდევ 500 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.