რას მოუტანს რძის პროდუქტებისა და ადგილობრივი წამლების დღგ-სგან გათავისუფლება ეკონომიკას

რძის მოწოდების და ნატურალური რძის პროდუქტების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივით საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა.
Sputnik

პრემიერს მიაჩნია, რომ დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს ასევე ის ფარმაცევტული კომპანიებიც, რომლებიც მედიკამენტებს საქართველოში აწარმოებენ, რადგან არასამართლიანია, როცა იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რძის მიწოდებისა და ნატურალური რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება კი იმიტომ არის კარგი, რომ გლეხი შეძლებს უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე, ხოლო მწარმოებელი რძის ფხვნილს ნატურალური რძით ჩაანაცვლებს.

დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი დასაბეგრი ბრუნვის 18 პროცენტს შეადგენს და მას იხდის პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის წლიური ბრუნვაც 100 000 ლარს აღემატება.

მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელ ტარიელ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანიებისთვის და რძის მეწარმეებისთვის დაპირებული ეს საგადასახადო შეღავათები არც სამართლიანია და არც რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოახდენს.

„არაჩვეულებრივი ხუთეული“ და გაძვირებული მედიკამენტები...

„მიუხედავად იმისა, რომ მე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ვეწევი, კონკრეტული სექტორებისთვის სასათბურე პირობების წინააღმდეგი ვარ. ამან შეიძლება რამდენიმე კომპანია წაახალისოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გადაატრიალებს ქართულ ეკონომიკას", – განუცხადა ტარიელ ზივზივაძემ „Sputnik–საქართველოს".

ეკონომისტის თქმით, ფერმერი, რომელიც თავის რძეს და ამოყვანილ ყველს ბაზარში ყიდდა, ის დღგ-ს ისედაც არ იხდიდა, ამიტომ მისთვის ეს შეღავათი გინდ ყოფილა და გინდ არა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქნებიან მეწარმეები, რომელებიც ამით ისარგებლებენ.

რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ტარიელ ზივზივაძის აზრით, ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებაში მთავარი სათქმელი არა მხოლოდ ის არის, რომ მილიონობით ლარს დაკარგავს ბიუჯეტი, არამედ ის — რას მიიღებს შედეგად.

„არ ჩანს, რა ანალიზს ეფუძნება ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში. არასამართლიანია, როცა მხოლოდ ორ დარგს ახალისებ. მით უმეტეს, რომ ეკონომიკაში ეს დიდად არაფერს შეცვლის და უბრალოდ საზოგადოებისთვის გადაგდებული „ძვალია", – მიაჩნია ტარიელ ზივზივაძეს.

რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერეს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით კი, წამლების ადგილობრივი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლება შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იქნება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამით უფრო გამდიდრდნენ ის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ისედაც კოლოსალურ მარჟებზე მუშაობენ", — განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოს".

პაატა ბაირახტარის თქმით, მედიკამენტების ფასები ისედაც არაბუნებრივად არის გაზრდილი და არსებობს ეჭვი, რომ ბაზარზე ადგილი აქვს კარტელურ შეთანხმებებს. ამის დარეგულირება კი კონკურენციის სააგენტოს ევალება, რომელიც პასიურ რეჟიმშია და თავს არიდებს ამ ბაზრის შესწავლას.

მამუკა ბახტაძემ ნატურალური რძის ნაწარმის და წამლების ადგილობრივი წარმოების დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივები საქართველოს პარლამენტში პრემიერობის კანდიდატის რანგში სიტყვით გამოსვლისას წარადგინა.

 

ნატა პატარაია