საქართველოში ბუხრინწები იპოვეს

ხონში ნაპოვნმა ბუხრინწებმა ბინა თბილისის ზოოპარკში დაიდეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი ორი ბუხრინწა ველურ ბუნებაში დაბრუნების მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ბედი ეწია ცაგერში ნაპოვნ მურა დათვის ორ ბელს

გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტს ხონიდან დაუკავშირდნენ და საცხოვრებელ სახლში ფრინველების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ხონში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ, სადაც ორი ბუხრინწა ნახეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ბუხრინწა ბუსნაირთა რიგის ფრინველია. დაახლოებით 33-39 სანტიმეტრი სიმაღლის. იგი გავრცელებულია ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.