„რატომ არ მოგწონს სევდა“ – თბილისში პოლონური თეატრი ჩამოვა

მაყურებელს პოლონური დასის უჩვეულო წარმოდგენა ელოდება.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში ჩამოვა ცნობილი პოლონური თეატრი „დადა ფონ ბზდულოვი“ გდანსკიდან, რომელიც ქართველ მაყურებელს უჩვენებს წარმოდგენას სახელწოდებით „რატომ არ მოგწონს სევდა“, იუწყებიან ორგანიზატორები.

მხოლოდ უფროსებისთვის: ბაქოს თეატრი თბილისში ჩამოდის >>

სპექტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე 29 ივნისს გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.

„სპექტაკლი „რატომ არ მოგწონს სევდა“ (Why Don"t You Like Sadness) – ეს შეიძლება იყოს შეუმჩნეველი მოგზაურობა ემოციური მდგომარეობის ლაბირინთში და მოგზაურობა – როგორც ოთახებში გადანაცვლება. თითოეული ოთახი სხვადასხვა ჩრდილებით არის სავსე, დროდადრო, როგორც კი რომელიმე ოთახში აღმოვჩნდებით, ვხვდებით, თუ როგორ საშინელ სევდას ვგრძნობთ. ეს სევდა, თითქოს მთლიანად გვფარავს და სულაც არ გვინდა მისგან თავის დაღწევა. მელანქოლია ისე გვანელებს, რომ საშუალება გვაქვს გარშემო ყველაფერს ყურადღებით მოვავლოთ თვალი, თუმცა, ამავდროულად გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ვცდილობთ, რათა ახალი ენერგიით სხვა კარების გაღება შევძლოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეატრი „დადა ფონ ბზდულოვი“ 1993 დააარსეს მოცეკვავე და ქორეოგრაფმა კატარჟინა ხმელევსკამ და რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ლეშეკ ბზდილმა. მრავალმა ცნობილმა მოცეკვავემ, რომლებიც პოლონეთის დღევანდელი თანამედროვე საცეკვაო სცენის ტენდენციებს განსაზღვრავენ, პირველი ნაბიჯები სწორედ „დადადან“ დაიწყეს.

ლეშეკ ბზდილი და კატარჟინა ხმელევსკა პოლონეთში იმით არიან ცნობილი, რომ ქმნიან ახალ თეატრს და მიღებული სტერეოტიპების, დრამატული თეატრისა და ცეკვის, როგორც ასეთის, საზღვრებს სცდებიან.

„დადას“ არტისტებს მონაწილეობა აქვთ მიღებული მრავალ საერთაშორისო დადგმაში. დღეისათვის კოლექტივს მოვლილი აქვს 21 ევროპული ქვეყანა, ასევე ინდოეთი და აშშ.