საწვავის ფასის ისტორიული მაქსიმუმი – მსოფლიო ბაზრის გამოძახილი თუ კარტელური გარიგება

ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინი „სუპერი“ 2,53-2,62 ლარი ღირს, „პრემიუმი — 2,15-2,52 ლარი, „რეგულარი“ — 2,17-2,34 ლარი, ევრო დიზელი — 2,12-2,48 ლარი, დიზელი — 2,06 -2,52 ლარი.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

„სუპერის“ ტიპის ბენზინის ფასი რომ დღეს უკვე 2,62 ლარია, ეს ისტორიული მაქსიმუმია, რადგან საქართველოში 1 ლ ბენზინი ასე ძვირი არასდროს ყოფილა”, — განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს”.

საქართველოში ბენზინი გაძვირდა: მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა

ნავთობპროდუქტების ბაზარზე დღეს ძირითადი სუბიექტები „ვისოლი", „რომპეტროლი", „სოკარი", „ლუკოილი" და  „გალფი“ არიან.

პაატა ბაირახტარს მიაჩნია, რომ ამ კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე დაფიქსირებული მაღალი ფასები დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ნაკლებად უკავშირდება. თუმცა თავიდან გაძვირება ჩვენთანაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების შემდეგ დაიწყო. მართალია, მაშინ საერთაშორისო ბირჟებზე ბარელი ნავთობის ფასმა 72 დოლარს მიაღწია, მაგრამ მალევე ჩამოვიდა 64 დოლარამდე. ქართულ ბაზარზე კი ეს არ ასახულა. 

„დღეს არსებული ფასი გამოწვეულია ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანიების ზღვარგადასული და არაჯანსაღი ქმედებით, რასაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო კონკურენციის სააგენტოს გარკვეულმა პასიურობამ და უმოქმედობამ“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა. 

ბაირახტარი: საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა იწყება

უფრო მეტიც, კონკურენციის სააგენტომ უკან დაიხია კიდეც ნავთობპროდუქტების რეალიზატორებთან ბრძოლაში.

საავტომობილო საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა კონკურენციის სააგენტომ პირველად 2015 წელს შეისწავლა. მაშინ უწყებამ ნავთობპროდუქტების კომპანიები კარტელურ გარიგებაში ამხილა და საერთო ჯამში 55 მლნ ლარის გადახდა დააკისრა. კომპანიებმა სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ კი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.

2018 წლის მაისში კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დასრულა და ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანიები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის ჯამში უკვე სამ მილიონამდე ლარის ოდენობით დააჯარიმა.

პაატა ბაირახტარის აზრით, სააგენტოს უნდა მოეხერხებინა და პირველი დასკვნა სასამართლოში ბოლომდე დაეცვა, იმდენად, რამდენადაც ის წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას და აფიქსირებს სახელმწიფოს პოზიციას.

ეკონომისტის განმარტებით, საწვავის ფასის ზრდა კიდევ იმიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, რომ სხვა პროდუქტების გაძვირებასაც იწვევს.