მარგველაშვილი: თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას

თურქეთში 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის სახელმწიფო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

თურქეთში პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერდოღანი და მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტია" გამარჯვებულად გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმების 53%-ით გაიმარჯვა, მის პარტიას კი ხმების 42,5% აქვს (293 ადგილი მეჯლისში).

გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში აღნიშნულია, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება… მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისთვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს", — ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

თურქეთში 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, თურქეთის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა.

არჩეული პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ისე თურქეთის მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმების შემდეგ კი მისი როლი უფრო გაიზრდება, კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტი შეძლებს დანიშნოს მაღალი თანამდებობის პირები, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში და საგანგებო მდგომარეობაც დამოუკიდებლად გამოაცხადოს.