ამერიკელი და რუსი სტუდენტები საქართველოს საზაფხულო სკოლაში მსახიობის ოსტატობას დაეუფლებიან

ქართველი და რუსი პედაგოგები თბილისელ, მოსკოველ და ჰარვარდელ სტუდენტებს მასტერ-კლასებს ჩაუტარებენ.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. შეკვეთილში გაიხსნა მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მსახიობის ოსტატობაში, ნათქვამია პროექტის ორგანიზატორის, საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბის" განცხადებაში.

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის (ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნო) რუსული ჯგუფის კურსდამთავრებულები, რუსეთის თეატრალური ხელოვნების სტუდენტები და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის სტუდენტები.

ურეკი და შეკვეთილი: საბაგირო, საავტომობილო გზები, ხიდები, ტრამვაი – განვითარების გეგმები

პროექტის ფარგლებში ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ მასტერ-კლასები: მსახიობის ოსტატობა, სცენური მეტყველება, რუსული ლიტერატურისა და თეატრის ისტორია.

სტუდენტებთან იმუშავებენ ქართველი და რუსი პედაგოგები: საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენისა და სარეჟისორო ოსტატობის უმაღლესი კურსების მასწავლებელი მარინა პერელეშინა და რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის რექტორი გრიგორი ზასლავსკი.

საზაფხულო სკოლა 30 ივნისამდე გაგრძელდება.

წელს პროექტი დიდი პოეტის ვლადიმირ მაიაკოვსკის დაბადების 125-ე იუბილეს ეძღვნება. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ბაღდათში პოეტის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ.