წელს საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ზღვაზე საბანაო სეზონში მაშველების რეკომენდაციები გაითვალისწინოს
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები.

ახმეტაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

ახლახან სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მაშველმა მამუკა წულუკიძემ ძმები, 6 წლის იგორი და 9 წლის ფიოდორი გადაარჩინა. ძმები ზღვის ნაპირიდან 20-30 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ და შველას ითხოვდნენ. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მხოლოდ დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო: ახმეტაში 17 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო, ხოლო ბათუმში ზღვაში — 27 წლის მამაკაცი.

არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება, აღნიშნავენ სამსახურში.

ტრაგედია ბათუმში: ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო >>

უწყების მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.

უწყების ინფორმაციით, საზღვაო სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა.