მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ახალი სისტემის შექმნის იდეით გამოდის

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ხმების გარკვეული რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ კანონში ცვლილების შეტანა
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომლითაც ხალხს ნებისმიერი თანამდებობის პირის ან ორგანოს დათხოვნა უნდა შეეძლოს, აცხადებს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოყენებული ახალი ინიციატივა პოლიტიკური, თუ საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას სოციალური ქსელების გამოყენებით გულისხმობს. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით პირდაპირი სახალხო დემოკრატია უნდა დაწესდეს.

ვის მხარესაა უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში? >>

„ჩვენ ყველანი ვართ სოციალურ ქსელებში, არის ათასგვარი ახალი საშუალება ერთმანეთთან ურთიერთობის Facebook-ის გარეშე, ტელევიზია საერთოდ უიმედოდ ძველდება. თუ ამ სივრცეებში ურთიერთობა შეგვიძლია, რატომ არ შეგვიძლია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იმავე სივრცეში. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს შეცდომა გამოასწოროს იმავე წუთს. თანამედროვე სოციალური ქსელები იძლევა ამის საშუალებას“, — განმარტავს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ხმების გარკვეული რაოდენობის შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ კანონში ცვლილების შეტანა. მან ასევე, დაამატა, რომ საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს უნდა შეეძლოს პარლამენტიდან გამოიხმოს კანონპროექტი და მასზე გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს.

„ამ პირობებში ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ჩინოვნიკებზე ან ჩინოვნიკის უკან მდგომ ოლიგარქზე, ან ვინმე სხვაზე და მათ ხუშტურებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეღარავის ვერ დავაბრალებთ ჩვენს უბედურებას. ჩვენ არ დაგვჭირდება ქუჩაში გამოსვლა და რაღაცების მოთხოვნა", — ამბობს სააკაშვილი ვიდეო-მიმართვაში.

საიდუმლო სერობის შედეგი - გაერთიანება „ყველა მინუს ერთი“

სააკაშვილის განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოქმედი  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდება, რის შემდეგაც ყველა გადაწყვეტილებას მოქალაქეები პირდაპირი სახალხო კენჭისყრით მიიღებენ.

"მე მინდა, რომ ეს ხელისუფლება გამოვართვა ივანიშვილს და დაგიბრუნოთ თქვენ“, — აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. სამშობლოში მის დაუსწრებლად რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით) სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.