აჯიკის ფესტივალი – პირველად საქართველოში

ორდღიან ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა კულინარიული მასტერ-კლასი, ინტერაქტიული თამაშები, კერძების დეგუსტაცია და სხვა.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოში პირველად ჩატარდება პოპულარული საწებლის — აჯიკის ფესტივალი. მას ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება ზუგდიდის სკეიტ-პარკში 30-31 აგვისტოს ჩატარდება. დასაწყისი — 16:00 საათზე.

„წელს პირველად საქართველოში ზუგდიდში გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება საუკეთესო აჯიკის და სხვა ქართული პროდუქტების გამოსავლენად. ამავე ფესტივალზე პირველად საქართველოს ისტორიაში გამოვლინდება საუკეთესო საჭმელებით გარემოვაჭრე, რომელსაც საშუალება მიეცემა საქართველო წარმოადგინოს ბერლინში ევროპულ „სტრით-ფუდ" ფესტივალზე", — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამას გარდა, ფესტივალის მონაწილეები საზოგადოებას გააცნობენ საინტერესო ისტორიებს საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ.