შვეიცარიული კონცერნი საქართველოში ქარხანას ააშენებს

გეგმის მიხედვით, ახალი საწარმო გამოუშვებს ვაგონებს არა მხოლოდ რკინიგზისთვის, არამედ მეტროსთვისაც.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG, რომელიც მატარებლებს აწარმოებს, საქართველოში ქარხნის აშენებას გეგმავს.

შესაბამისი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ შვეიცარიულ კომპანიას, თბილისის მერიასა და „საქართველოს რკინიგზას" შორის პარასკევს გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კომპანია Stadler Rail AG-ის მფლობელმა და სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ პეტერ შპულერმა, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„შტადლერთან" მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის" მარკის ვაგონები ექნება", — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილების წარმოება მაისიდან დაიწყება

თანამშრომლობა კომპანია Stadler-თან 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეისყიდა. ეს მატარებლები თბილისი-ბათუმის მარშრუტით მოძრაობენ.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება", — განაცხადა პეტერ შპულერმა.

კომპანია Stadler-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რეგიონული ქარხანა ააშენოს, რადგან ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო შვეიცარიული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა, აღნიშნა შპულერმა.

კომპანია რეგიონს საქართველოდან შესაბამისი მაღალი სტანდარტების მატარებლებით მოამარაგებს.

ქარხნის მშენებლობისთვის თბილისის გარეუბნებში სამი ტერიტორია განიხილება.

კომპანია Stadler 1942 წელს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ერნსტ შტადლერმა დააარსა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ევროპის 11 რეგიონში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. Stadler-ი სპეციალიზებულია სამგზავრო მატარებლებისა და ვაგონების წარმოებაზე. კომპანიაში 7 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.