საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში გაემგზავრა

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ტალინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიღებს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

საზეიმო ღონისძიებები ტალინსა და ტარტუში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ლიტვის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის პირველი პირები.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კერსტი კალიულაიდისს შეხვდება.

მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან. მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს სამიტისთვის მზადებას და გამოწვევებს უშიშროების თვალსაზრისით.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა>>>

თავის მხრივ, ესტონეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიებაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტები სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

რაც შეეხება ტარტუში ღონისძიებებს, დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრა ქალაქის მერთან, ასევე ვიზიტები უნივერსიტეტში, სამეცნიერო ცენტრსა და მუზეუმში.

სტუმრები ასევე ეწვევიან "გაუდეამუსს" (Gaudeamus) – ბალტიის ქვეყნების ფოლკლორულ სტუდენტურ ფესტივალს, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

შაბათს ტალინში მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესტონეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.

საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროებში.