ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი

Sputnik

საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა — XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.

თავის დროზე ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ვარძიის ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. 

ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და, ნაწილობრივ, დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით.

არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.

1 / 12
ვარძია ახალციხიდან 60 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იგი ცენტრი და ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო
2 / 12
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი იმ პერიოდში დაარსდა, რომელსაც საქართველოში "ოქროს ხანას" უწოდებენ. ეს თამარ მეფის მმართველობის ხანა იყო (XII - XIII საუკუნე)
3 / 12
როგორც კი აქ მოხვდებით, თითქოს შორეულ წარსულში ხართ - სატრაპეზო ვარძიის სამონასტრო კომპლექსში
4 / 12
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - უძველესი წარწერა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედელზე
5 / 12
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალი გამოქვაბულია, რომელთა ნაწილი ტურისტებისთვის ღიაა
6 / 12
ვარძიის ქალაქის ტერიტორიაზე ქვაბულიდან-ქვაბულში გადასასვლელები დამთვალიერებელთა უსაფრთხოებისთვის მოაჯირითაა გარშემორტყმული
7 / 12
სახე კლდეზე - ასეთი უჩვეულო გამოსახულებაა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ კედელზე ადამიანმა და ბუნებამ შექმნეს
8 / 12
იმისათვის, რომ მთლიანად დაათვალიეროთ კლდეში ნაკვეთი ქალაქი, საკმაო დროა საჭირო
9 / 12
ერთ-ერთი მონასტრის შესასვლელი
10 / 12
ასე გამოიყურება ვარძია გზიდან, რომლის დასათვალიერებლად ტურისტების რაოდენობა არ მცირდება
11 / 12
თანამედროვე ვარძია მოკრძალებული ნაწილია იმის, რაც თავიდან იყო. 1283 წელს მიწისძვრამ თითქმის გაანადგურა ქალაქი და ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევები შემორჩა
12 / 12
ვარძია თავისი მასშტაბებით ყველას აოცებს