თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. უამინდობა აღმოსავლეთ საქართველოში ხუთშაბათამდე გაგრძელდება, ამის გამო მოსალოდნელია მდინარეებში წყლის დონის მატება და მეწყერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში Facebook-გვერდზე.
„უამინდობა საქართველოში: გადაკეტილი გზები და დატბორილი ქუჩები">>
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში — ძლიერი. შენარჩუნებულია სეტყვისა და ქარიშხლის ალბათობა.
უხვი ნალექის გამო შეიძლება ადიდდეს მდინარეები, მთაში კი გააქტიურდეს მეწყრული პროცესები.
დაბლობში ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურა იქნება +27-32 გრადუსი.
წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ღამით ტემპერატურა +19 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე მოიმატებს.
კოკისპირულმა წვიმამ გუშინ პრობლემები შექმნა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. უხვი ნალექის გამო გზებზე მდინარეები მოდიოდა, დაიტბორა სახლების სარდაფები; ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.