გაძვირდება თუ არა შავი ზღვის კურორტებზე დასვენება

შავი ზღვის კურორტების მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სეზონი წარმატებული იქნება.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე ივლის-აგვისტოში ფასები სასტუმროებსა და ოჯახური ტიპის სახლებში, ასევე რესტორნებსა და კაფე-ბარებში გაძვირდება, წერს გაზეთი „რეზონანსი".

კურორტები უკვე იღებენ პირველ დამსვენებლებს. როგორც გასულ წლებში, ძირითადად ლიდერობენ ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. აჭარის კურორტებზე საქართველოს მოქალაქეები ჯერ ნაკლებად არიან.

ძველი ბათუმის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება

ამ ეტაპზე საცხოვრებლის ფასი ბათუმში კვირაში 600-დან 800 ლარამდეა. ქობულეთში ოთახის დაქირავება ერთი დღე-ღამით შესაძლებელია 30-დან 70 ლარამდე, ხოლო ურეკში — 15-დან 40 ლარამდე.

რაც შეეხება ოჯახური ტიპის სასტუმროებს, იქ ფასები შედარებით მაღალია და დღე-ღამეში 120-150 ლარს აღწევს. ყველაზე მაღალი ფასებია გრიგოლეთსა და კვარიათში, სადაც მინიმალური ფასია 150 ლარი.

ადგილობრივი მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ სეზონი წარმატებული იქნება. ბევრმა უკვე მიიღო დამსვენებლები, თუმცა ზოგი კლიენტების ნაკლებობას უჩივის.

ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი თამაზ ჯინჭარაძე ვარაუდობს, რომ კრიზისი ტურისტებზეც აისახა. მისი თქმით, ტურისტების დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანთა სეგმენტს არ განეკუთვნება და ფასების საკითხში დათმობა უწევთ. ჯინჭარაძის განცხადებით, ისინი შეეცადნენ, თუნდაც პირველ ეტაპზე, ფასები არ მოემატებინათ.