„ფერადი ამბები” ლაგოდეხიდან

ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ მოხატული ქვეითთა გადასასვლელი გამოჩნდა, რამაც ქალაქს განსაკუთრებული ხალისი და ფერადოვნება შემატა. გზაზე დახატულმა გვირილებმა, ფუტკრებმა, ჭიამაიებმა, პეპლებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.
Sputnik

იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი ლაგოდეხის მკვიდრი მზია ჯავშანაშვილია. პროექტის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მზია თავად ესაუბრა.

— დავამთავრე ლაგოდეხის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლა და 2012 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2016 წელს დავამთავრე წითელ დიპლომზე. ვარ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში. ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და მოხალისეობრივად საქმის კეთება ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ დავსაქმდი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ვყოფილიყავი აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვადასხვა პროექტებში ჩართული.

მზია ჯავშანაშვილი

– რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ლაგოდეხში მოხატული გადასასვლელის ფოტოები. როგორ გაჩნდა გადასასვლელის მოხატვის იდეა და  ვინ გაერთიანდნენ ამ იდეის გარშემო?

— ქვეითთა გადასასვლელის — ე.წ. ზებრა ხაზის მოხატვის სურვილი ლაგოდეხში 2016 წელს გამიჩნდა. მას შემდეგ, რაც ბატონმა გოგა ჩანადირმა წამოიწყო კამპანია უსაფრთხო მოძრაობა და ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაჩნდა ფერადად მოხატული გადასასვლელები. სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, ერთ დღეს ლაგოდეხში აუცილებლად იქნებოდა „ფერადი ამბები” და ამ ამბებზე ბატონი გოგა ჩანადირის facebook–გვერდზე დაიწერებოდა სიახლე, რომ ლაგოდეხიც შეუერთდა უსაფრთხო მოძრაობის კამპანიას და ჩვენთანაც მოიხატა ქვეითთა გადასასვლელი. ამაზე ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი ჩემ დიდ მეგობარს, ქალბატონ ქეთევან ტალახაძეს.

ლაგოდეხში ქვეითთა გადასასვლელის მოხატვის პროცესი

დავიწყე ფიქრი, თუ როგორ განმეხორციელებინა ჩემი სურვილი. იმ პერიოდში ფონდი „ორბელიანი საქართველო” აცხადებდა საგრანტო კონკურსს და ბევრი არც მიფიქრია, ქალბატონი ქეთის დახმარებით ვაქციე იდეა პროექტად და გავგზავნეთ. სამწუხაროდ, ჩვენი იდეა იმ პერიოდში არ დაფინანსდა. დავიწყეთ ფიქრი ალტერნატიულ გზებზე და შევხვდით ლაგოდეხის ახალგაზრდული სამსახურის მაშინდელ უფროსს, რომელმაც მოიწონა იდეა და დაგვპირდა დახმარებას. სამწუხაროდ, იმ პერიოდში მე ვეღარ მოვიცალე და ვეღარ შევძელით მოხატვა. თუმცა, სურვილი არ დამიკარგავს და სულ ვფიქრობდი ჩემ იდეაზე, რომელიც ბოლოს ოცნებად მექცა.

ლაგოდეხში ქვეითთა გადასასვლელის მოხატვის პროცესი

– რას ემსახურება ეს აქტივობა?

– სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში კიდევ დგას პრობლემა იმის, რომ ზებრა გადასასვლელზე მძღოლებმა დაუთმონ გზა ქვეითებს. ყოველთვის მითები მეგონა, რასაც ევროპული ქვეყნების ქვეითთა გადასასვლელების მაღალი კულტურის შესახებ ყვებოდნენ, რომ მძღოლები მაშინვე წყვეტენ მოძრაობას, როგორც კი ქვეითად მოსიარულე ზებრა გადასასვლელს უახლოვდება. მითების რეალობაში დავრწმუნდი მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე ევროპული ზებრა ხაზების კულტურა და მას შემდეგ უფრო მეტად მომინდა ფერადი გადასასვლელის არსებობა ლაგოდეხში.

ლაგოდეხში ქვეითთა გადასასვლელის მოხატვის პროცესი

2018 წელს ფონდმა „ორბელიანი საქართველომ” ისევ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი და გამოცხადების დღიდან სულ ვფიქრობდი მეცადა თუ არა ისევ, ღირდა თუ არა გაგზავნა, რადგან ერთხელ უკვე დაიწუნეს. ვფიქრობდი, შანსები ნაკლები იყო. ფიქრში შემომელია დრო და იდეების გაგზავნის ვადის ამოწურვამდე ხუთი საათით ადრე გადავწყვიტე, რომ რატომაც არა — აუცილებლად უნდა მეცადა კიდევ ერთხელ, დასაკარგი არაფერი იყო. ისევ ქალბატონ ქეთისთან ერთად დავჯექი და თავიდან ავაწყვეთ იდეა. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ დაფინანსდებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ (ბოლოს ლამის დამავიწყდა კონკურსის არსებობა) მივიღე შეტყობინება, რომ ჩემი იდეა დაფინანსდა. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი ხნის ოცნების ასრულების დასაწყისი. ამისთვის კი ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ორბელიანი საქართველოს”, რომ მომცა შესაძლებლობა ოცნება მექცია რეალობად. მთავარი მიზანი ამ იდეის იყო ის, რომ პოპულარიზაცია გაგვეწია ზებრა გადასასვლელის მნიშვნელობისთვის და ყოფილიყო ფერადი გზავნილი როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითებისთვის. ზებრა ხაზით სარგებლობა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხო მოძრაობის.

ლაგოდეხში ქვეითთა გადასასვლელის მოხატვის პროცესი

– რა ნახატებით გააფორმეთ გადასასვლელი და რამდენი ხანი მოანდომეთ მოხატვას?

— იქიდან გამომდინარე, რომ ასფალტის საღებავების ფერები შეზღუდულია — წითელი, ყვითელი და თეთრია მხოლოდ, ანუ ის ფერები, რაც საგზაო ნიშნების დასატანად გამოიყენება. ბევრი ვიფიქრეთ, თუ რისი დახატვა შეგვეძლო ამ ფერებით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ — გვირილა, ფუტკარი, ჭიამაია, პეპელა და ბუშტები, რადგან ფერები გვაძლევდა ამის დახატვის საშუალებას და ბავშვებისთვისაც ბევრად მხიარული და საინტერესო გამოვიდოდა. ზებრა გადასასვლელი რამდენიმე საათში მოვხატეთ. ჩემ გარდა კიდევ ძლიან ბევრ ახალგაზრდას უნდოდა მსგავსი რამის გაკეთება ლაგოდეხში, ამიტომ ისინი დიდი სიხარულით შემოუერთდნენ პროექტს და სრულიად უანგაროდ, მოხალისეობრივად გააკეთეს ეს ყველაფერი. გვეხმარებოდნენ გამვლელებიც, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ იქ და დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ველოდებოდი, რომ საზოგადოების რეაქცია ამ ყველაფერზე დადებითი იქნებოდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვიღებდით და დღემდე ვიღებთ უამრავ მადლობას, უამრავ დადებით ემოციას. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ მათ ქუჩებზეც მოიხატოს ქვეითთა გადასასვლელები. ამ ადამიანების თითოეული თბილი სიტყვა არის უდიდესი სტიმული და ძალა ჩემთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი შედგა. პროექტმა თქვა თავისი სათქმელი და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ჯონდო მდივნიშვილს და ლაგოდეხის პოლიციის უფროსს, ბატონ გიორგი კლიმიაშვილს იდეის მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. რომ არა მათი თანადგომა, პროექტი ვერ შედგებოდა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოხალისეს, რომლებმაც მთელი სული და გული ჩადეს მის შექმნაში.

ამ პროექტმა მასწავლა ის, რომ როცა რაღაც მთელი გულით გინდა და ამ რაღაცისთვის ბოლომდე იბრძვი, ის აუცილებლად გამოვა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, სირთულისა, რაც ყველა პროექტს ახლავს თან. შრომას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ლაგოდეხში მოხატული ქვეითთა გადასასვლელი

– ანუ თვლით, რომ პროექტმა გაამართლა?

— თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი შედგა. პროექტმა თქვა თავისი სათქმელი და ამის დასტურია მოსახლეობის უზომოდ დადებითი რეაქცია და მოთხოვნა იმისა, რომ მათ ქუჩებზეც გაკეთდეს მსგავსი რამ. სწორედ ამიტომ ვაპირებთ ლაგოდეხის სხვა ქუჩებზეც გაჩნდეს ფერადი გადასასვლელები.