ზღაპრული ყვავილნარი ხონში – ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახო

დასავლეთ საქართველოში, მდინარე ცხენისწყალსა და გუბისწყალს შორის მდებარე პატარა ქალაქი ხონი ძალიან მდიდარია თავისი ისტორიული თუ კულტურული ტრადიციებით, ისევე, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტით. ნამდვილად ღირს, რომ ერთ უქმეებზე ამ ქალაქს ესტუმროთ...
Sputnik

და მოსანახულებელ ღირსშესანიშნაობათა სიაში აუცილებლად შეიტანეთ ულამაზესი პატარა ბაღი, ფერთა ფეიერვერკი, რომელიც ხონის მკვიდრმა, მოყვარულმა მებაღემ ლუიზა ფანცულაიამ შექმნა.

ლუიზა ფანცულაია

ქალბატონი ლუიზა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერია. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი ხონის ავტომატურ სატელეფონო სადგურს ხელმძღვანელობდა. თუმცა 2010 წელს რთული რეალობის წინაშე დადგა — დაკარგა სამსახური…

საყოველთაოდ ცნობილია, რა რთულია საქართველოში სამსახურის პოვნა და ქალბატონმა ლუიზამ, რომელსაც მშობლებისგან მოსდგამდა მცენარეების სიყვარული, გადაწყვიტა დეკორატიული მცენარეების მოშენება დაეწყო. თუმცა, მოგეხსენებათ, მარტივად ვერასდროს მიიღებ იმ სილამაზეს, რაც შემდეგ დიდ სიამოვნებას განიჭებს…

ლუიზა ფანცულაია

მუხლჩაუხრელი შრომის, არაერთი სირთულის გადალახვის შემდეგ ქალბატონი ლუიზას ბაღი დღეს ქალაქის სტუმრებისათვის ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა. დამეთანხმებით, ეს უკვე მრავალზე მეტყველებს. ამ ბაღის მშენებლობას რვა წლის წინ დაუდო სათავე და დღემდე რუდუნებით ზრუნავს მის სილამაზეზე.

ლუიზა ფანცულაია

„თავიდან ცოტა ყვავილები მქონდა. მერე ნელ-ნელა გავაფართოვე. დიდი შრომით, ჯაფით მოვედი აქამდე. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები. დედას ძალიან ლამაზი ბაღი ჰქონდა და ყოველთვის ვეხმარებოდი მცენარეების მოვლაში. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩემი ყვავილებისადმი ესოდენ დიდი სიყვარული. თუ ეს საქმე არ გიყვარს, ისე არაფერი გამოგივა“, — ამბობს ქალბატონი ლუიზა.

ლუიზა ფანცულაია

ერთია გიყვარდეს ყვავილები და მეორეა პროფესიულად დაკავდე ამ საქმით. უნდა გააცნობიერო, რომ ყვავილი ცოცხალი ორგანიზმია და მას არსებობისთვის გარკვეული პირობები, მოვლა და ყურადღება სჭირდება. ყველა მცენარეს ინდივიდუალური განათება, ტემპერატურა და ტენიანობა ესაჭიროება. ამ ყველაფერს კი ცოდნა, გამოცდილება უნდა, რაც დიდი შრომის შედეგად მოდის. ასე იყო ქალბატონი ლუიზას შემთხვევაშიც.

ლუიზა ფანცულაია

„ყველა მცენარე, ისევე, როგორ ყველა ადამიანი, ინდივიდუალურია, სჭირდება განსხვავებული მოვლა, პირობები. თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდი. ცოდნა გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი ინფორმაციას. გარდა ამისა ჩვენი ახლობელი, დარეჯან ბენიძე არის ამ საქმის სპეციალისტი, რომელიც დღემდე გვაძლევს რჩევებს და გვეხმარება ყველა საკითხში“, — განაცხადა ქალბატონმა ლუიზამ.

ყვავილები თესლიდან გამოჰყავს. ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. ბედნიერია, როცა უყურებს, როგორ იბადება, იკვირტება და იფურჩქნება ახალი სიცოცხლე, ბუნების ულამაზესი ქმნილება. საოცარი შეგრძნებაა, როცა ხედავ, როგორ აფერადებენ ეს „არსებები“ თავისი ლამაზი პალიტრით გარემოს.

ლუიზა ფანცულაია

მის ბაღში შეხვდებით როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიანი და მარადმწვანე მცენარეებს – სურნელოვან მიხაკებს, ხუჭუჭა ტუხტებს, ჯუჯა გვირილებს, ლომისპირებს, კორეოფსისს, მონარდას, ლობელიას, კამპანულას, გლიცინიას, სხვადასხვა ფერის კლემატისსა და ლონიცერას, ტეკომას, პასიფლორას, კოლხურ და დეკორატიულ სუროს, ლიატრისს, ვერბენას, გაზანიას და ა.შ.

ლუიზა ფანცულაია

სხვადასხვა ფერის ჯუჯა გეორგინა, ექინაცეა, ასკლეპია, ლიზიმახია, ცინერარია, ცერასტიუმი, ალისუმი,  ფერადი კალები, ლილიები, ქრიზანთემები, კალუნა, სპირეა, აბელია, სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული კოწახური, ლავანდა, პეტუნიები, ბალზამინები,  როზმარინი ბაღში ულამაზეს ფერთა გამას ქმნის. შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ იმ მცენარეების ჩამონათვალი, რომლებსაც ქალბატონი ლუიზას ბაღში შეხვდებით, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს…

ლუიზა ფანცულაია

„მცენარეები გამოგვყავს ჩვენ მიერ შეზავებულ მიწაში, შემდეგ კი ვრგავთ კონტეინერებში. საკვებად ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქს, გადამწვარ ნაკელსა და ბიოდეპოზიტს. კონტეინერში ჩარგული მცენარე  კარგად ეგუება გადარგვის შემდეგ ნიადაგს და კარგად ხარობს“, — გვითხრა ქალბატონმა ლუიზამ.

ლუიზა ფანცულაია

მისი საყვარელი ყვავილი ვარდია. მისთვის ვარდი  სიყვარულთან, სპეტაკ გრძნობებთან და საოცარ სურნელთან ასოცირდება. დღეს ქალბატონი ლუიზას ბაღში 150 სახეობის ვარდი ბინადრობს.

ლუიზა ფანცულაია

„ვარდი საოცარი მცენარეა, ულამაზესი. სურნელი და ფერთა გამაც საოცარი აქვს. დაახლოებით 150-მდე ჯიშის ვარდი მაქვს. განსაკუთრებით ლამაზია ხვიარა ვარდების ხეივანი. ძირითადად მაქვს ცნობილი სელექციონერების ვარდები: ოსტინის, კორდესის, ქარუთის, ტანტაუს, ფრაიერის, ჰარქნისის, მეიანის, დელბარდის, ადამის და სხვა, რომლებიც გამოირჩევინ უხვი, განმეორებითი ყვავილობით და დაავადებების მიმართ მაღალი მედეგობით და დიდხანს მიხარებენ გულს“, — ამბობს ქალბატონი ლუიზა.

ლუიზა ფანცულაია

მიუხედავად იმისა, რომ ვარდების საკმაოდ კარგი კოლექცია აქვს, ოცნებობს კიდევ უფრო მეტი ეგზემპლარი შემატოს მას და მასთან მისულ სტუმარს ზღაპრული გარემო დაახვედროს. თვლის, რომ ვინც ყვავილების სენით დაავადდება, მისთვის ეს უკმარისობის განცდა უცხო არ არის. ამასთან, მცენარეები ერთ-ერთი ყველაზე მადლიერი არსებები არიან დედამიწის ზურგზე — რასაც დასთეს, აუცილებლად მოიმკი და ეს მომკილი დაგავიწყებს ამ ქვეყნად ყველა პრობლემას, სირთულეებს და დადებითი ენერგიით დაგმუხტავს…