თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსი 27 წლის ტაკიძემ ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელ ცეცხლაურის გავლით საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც მკვლელი პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შემთხვევა 15 ივნისს მოხდა. ბესიკ ტაკიძე შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით აღიძრა.
ბესიკ ტაკიძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია.
„ნასვამი ვიყავი, ავღელვდი და დავარტყი, არ მინდოდა მისი მოკვლა, შეშინება მინდოდა,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე ბესო ტაკიძემ.
დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.
შემდეგი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 აგვისტოს ჩაინიშნა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და მოკლულს შორის კონფლიქტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.