წარწერა ქვიშიან სანაპიროზე - საიდუმლო, რომელიც სამუდამოდ დარჩა კუნძულზე

ჟურნალისტი და ბლოგერი დადუნა ნადარაია ხშირად წერს მოგზაურობაზე, თავს გადამხდარ თავგადასავლებზე, შთაბეჭდილებებზე. იმდენად მძაფრად აღწერს ემოციებს, გგონია შენც მასთან ერთად იმოგზაურე ზღაპრულ სამყაროში.
Sputnik

„Sputnik საქართველოს“ დადუნამ ჰონგ-კონგში მოგზაურობის ემოციები გაუზიარა.

დადუნა ნადარაია

თბილისიდან სტამბოლამდე

შეიძლება ახლა თქვენს საყვარელ სერიალებს უყურებთ, სტამბულში კი ამ წუთებში წვიმს…

თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა. სუნთქვაშეკრული ვარ, რადგან ჩემს საყვარელ ქალაქში არასდროს ჩამოვსულვარ გაზაფხულზე. ბოსფორის სრუტეში კვლავ დაცურავენ იალქნიანი გემები თოლიებთან ერთად და ჩემს ლურჯ თვალებს იმახსოვრებენ…

სტამბოლის აეროპორტში მეორედ ვარ. ჩემნაირ საქმიან ადამიანებს აქ ყველგან შეხვდებით — თეთრ პერანგსა და ლურჯ პიჯაკში ვარ გამოწყობილი და მივლინებით ვიმყოფები სტამბულში, რათა ქალაქი უკეთ შევისწავლო. სამომავლოდ ვგეგმავ, როდესაც აქ უკვე დიდი ხნით გავჩერდები, დავწერო მოთხრობები სტამბულის შესახებ. ვღელავ, ეს ჩემი პირველი საქმიანი მივლინებაა სტამბულში, სადაც ამ ეტაპისათვის მხოლოდ რამდენიმე საათით გავჩერდები. შემდეგ გავფრინდები ჰონგ–კონგში და შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ. ახლა კი აეროპორტში ტაქსის ვაჩერებ და კაპუჩინოსთან ერთად, რომელიც სტარბაქსის კაფეში შევუკვეთე, ქალაქის დათვალიერებას ვიწყებ…

ხალხმრავლობა რამდენიმე ადგილას შემხვდა. ყველგან ყიდიან სიმინდს… ცისფერი ღრუბლებით სავსე ქალაქში, უსასრულოდ ლაღად დაცურავენ თოლიები. თავს კარგად ვგრძნობ… ბედნიერი ვარ… უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი რედაქციის წინაშე, მაგრამ სულიერად ისევ თავისუფალი ვარ. ახლა იმ ულამაზეს ხიდზე გადავედით, რომელიც ფილმებში არაერთხელ მინახავს…
განთიადზე, ძალიან ადრე, საოცარი ფერებით დახატა ღმერთმა თქვენთვის და ჩემთვის ღრუბლები და კვლავ შესძლო ჩემი გაოცება. ამ პოსტს თვითმფრინავში ვწერ. შევეცდები, გადმოვცე, როგორი ლამაზია სამყარო, რომელიც თვითმფრინავის სალონიდან მოჩანს. ათი საათი ვიფრინე. გამოვიძინე კიდეც. წერის დროს ფანჯრიდან ვიყურები. იდუმალ არსებებს კვლავ სათითაოდ აუკრეფიათ ღრუბლები ციდან. საოცარ განცდას იწვევს ჰორიზონტი, რომელსაც, როგორც ლურჯ ზღვას, თოლიების კივილი მოაქვს ჩემამდე. სტიუარდესას ყავისათვის შაქრის დამატებას ვთხოვ. ეღიმება. კვლავ ჩნდებიან ღრუბლები ცაზე. არც ისინი ემორჩილებიან სხვათა მითითებებს…

დადუნა ნადარაია

ჰონგ-კონგი

ძალიან ბევრი ვიარე ჰონგ-კონგის ქუჩებში და ისე დავიღალე, წერაც კი აღარ შემიძლია. გაგიკვირდათ არა? ულამაზესია აქაურობა. თვალუწვდენელი ცათამბჯენების ქვეშ აჩქარებით ჩავიარე და თვალი ვერ მივაწვდინე მათ სიმაღლეს. ცხოვრების სწრაფი ტემპი, საქმიანი ადამიანები გმატებენ მოტივაციას. დღეს მივხვდი, როდესაც ვფიქრობთ, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ბრუნავს, ეს ნამდვილად ასეა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ცენტრია, რადგან საკუთარი თავი გვაძლევს ასეთი ფიქრისათვის ენერგიას. ძალიან თბილა ქალაქში. ჰავა საკმაოდ მშრალია. ტემპერატურა ოცდახუთი გრადუსია. ფეხით სიარულის შემდეგ სასადილოდ შევედით და ნივრიანი პური, თევზეულობა და ლუდი შევუკვეთეთ. ქალაქი თითქოს არასდროს იძინებს. სანაპიროზე ვისეირნეთ და იალქნიანი გემების სილამაზით დავტკბით. ადამიანები ეძებენ შთაბეჭდილებებსა და საკუთარ სულიერ სამყაროს, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ვერსად პოულობენ. აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ თვითმფრინავები ისე ახლოს დაფრინავენ ცაზე, თითქოს ფილმ „ინტერსტელარის“გადასაღებ მოედანზე ვარ…

დადუნა ნადარაია

ახალი ემოციები

გათენდა. სასტუმროში მარტო დავრჩი. უკვე კუნძულ სიამენზე ვიმყოფები, ჯგუფის დანარჩენი წევრები გამოფენაზე წავიდნენ. გეახელით მსუბუქი ევროპული საუზმე, რადგან ადგილობრივი კერძები გუშინვე დავაგემოვნეთ — ღორის ხორცი მოტკბო მომჟავო გემოთი. ასევე მაფო ტოეფუ — წითელი საქონლის ხორცს დამატებული დაჭრილი მწვანე ხახვი და მთავარი კერძი — ატრია, რომელიც მზადდება ატრიის, ქათმის ხორცის, ნიახურისა და მწვანე ხახვისაგან. დღეს მსუბუქად ვისაუზმე, ჩავალაგე ჩანთაში ბლოკნოტი, პლანშეტი და გამოვედი სასტუმროდან. არ ვიცი, რას დავწერ. ჩანთაში სასტუმროს სავიზიტო ბარათი ჩავდე იმ შემთხვევისათვის, თუ კუნძულზე დავიკარგე. სიამენი კუნძულ სიამენზე მდებარეობს, ტაივანის სანაპიროსთან. ქალაქში არის ნავსადგური…

დადუნა ნადარაია

ბილიკზე დავეშვი და თქვენც თუ გამომყვებით ამ გზაზე, ერთად ვნახოთ, სად აღმოვჩნდებით. ბილიკზე მოფენილია გვირილები, მინდვრის ფერადი ყვავილები და მზერას იპყრობს მწკრივში ჩარგული პალმები. „ზებრაზე“ აქაც ფრთხილად გადავდივარ და გზის მეორე მხარეს უამრავ ფოტოს ვიღებ. გული ძლიერად მიცემს, რადგან ქვიშიან სანაპიროზე აღმოვჩნდი და ზღვა ღელავს. საზღვაო სეზონი არ დგას, თუმცა ტურისტები ფეხზე იხდიან და წყალში ჩასვლას ცდილობენ. როგორც ჩანს, ზღვა ცივია. ქვიშიან სანაპიროს მივუყვები და ვფიქრობ, არასდროს წაიშლება ჩემი ნაკვალევი. ქოქოსის ყიდვა მინდა და რადგან აქ ინგლისური არ იციან, გამყიდველი ქვიშაზე მიწერს ქოქოსის ფასს და გვიხარია, რომ ურთიერთობა შევძელით. არ ცხელა, თუმცა ნამდვილი ეგზოტიკაა გარშემო. თოლები აქაც დაცურავენ გემებთან ერთად ზღვაში და რადგან ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს სხვადასხვა ქვეყნის, ქალაქის მშვენიერი პეიზაჟი, გვიხარია, როდესაც წარმოსახვა რეალური ხდება.

ქვიშაზე დაწერილი საიდუმლო

ამ წუთებში ამოვედი სანაპიროდან. კუნძულზე ნაწვიმარია. ქარი ქრის. შემცივდა კიდეც. ალბათ, აქ მეორედ ვერ მოვხვდები და ძალიან მინდა ამ კუნძულის ამბები ყოველდღე გაგიზიაროთ. წარმოიდგინეთ სანაპირო, რომლის ჰორიზონტს თვალს ვერ მიაწვდენ. გაავებული ტალღები ეხეთქება ერთიმეორეს. მე კი ერთი უბრალო სელფი რომ გადავიღო, ისე ახლოს მივდივარ ნაპირთან, დედა რომ მხედავდეს, რამდენიმე წამში გადმოივლიდა შავ ზღვას, თურქეთს, ჰიმალაის მთებს, ინდოეთს, ჩინეთს და აქ გაჩნდებოდა. რა საოცარი იქნებოდა, არა? მოვივლიდით ფეხით კუნძულს და ვიცინებდით აქაც, როგორც ყოველთვის. სანაპიროზე ნიჟარები შევაგროვე. შემდეგ გამახსენდა, რომ მეც მაქვს საიდუმლო, რომელსაც არავის ვუმხელ, არც მეგობარს, არც დედას, არც ჩემს ლურჯ ფრინველს და არც ერთ სულიერს დედამიწის ზურგზე. ვინ იცის, შეიძლება ოდესმე დავწერო კიდეც ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ახლა მხოლოდ ქვიშაზე ვწერ ერთ ჯადოსნურ სიტყვას და ჩემი გულის ნაწილს ვუზიარებ სამყაროს. ვიცი, ეს წარწერა სამუდამოდ დარჩება მას.

სანაპიროზე ვერ ვიპოვე კაფე, რომ ყავა დამელია და გავმთბარიყავი.  საღამოს ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გავედი. რას არ ნახავდით აქ — მოლუსკებს, კიბორჩხალებს, რვაფეხებს, კრევეტებს, სხვადასხვა სახეობის თევზს. მე არაფერი გამისინჯავს. მხოლოდ ხილით დავკმაყოფილდი და საღამოს ცხრა საათზე სასტუმროში დავბრუნდი…

დადუნა ნადარაია

გაწვიმდა… თვალი რომ გავახილე, გემბანის სკამზე ვიჯექი და ვუყურებდი ლურჯ ტალღებში გახვეულ სამყაროს, რომელსაც ტკბილად ეძინა. ვცადე, გუშინდელი დღე დაწვრილებით გამეხსენებინა… გუშინ ხომ კუნძულ გულანგუზე დავიკარგე… მთელი კუნძული ფეხით მოვიარე, თუმცა ვერ მივაგენი ტერმინალს, რომლითაც გემმა აქ მომიყვანა. რა თქმა უნდა, არ შემშინებია, რადგან კუნძული საკმაოდ განვითარებული და ცივილიზებულია. თუმცა ქუჩები, შენობები, ინფრასტრუქტურა, ჯუჯა ხეები, რომელთა ფესვებიც მიწის ზედაპირზე ჩანს, გიქმნის წარმოდგენას, რომ ჯუნგლებში ხარ… ფეხით სიარულს განვაგრძობ, ვყიდულობ წვრილად დაჭრილ მანგოს, პატარა ზომის უკურკო და უყუნწო ვაშლს, რომელიც ძალიან წვნიანია…

დღეს საოცრად მზიანი ამინდია. უამრავი ტურისტი და მხიარულებაა ირგვლივ. თუმცა წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება იმ სახლების ფანჯრებს მიღმა, რომელთა ეზოები ყვავილებით არის მოფენილი. კუნძულზე ვრჩები — მივიღე გადაწყვეტილება და მშვიდად დავადექი გზას.

ჩემთან ძალიან ახლოს დაფრინავენ თვითმფრინავები და მათი სილამაზით ვარ გატაცებული. დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ აქ იმყოფებოდეთ, ყველაფერს გაცილებით ლამაზად აღწერდით. ქალაქი სიამენი, კუნძული გულანგუ — ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, აქ თუ მოვხვდებოდი ოდესმე. ამიტომ სამუდამოდ ვიმახსოვრებ ცისფერ ტალღებს, ამ ტალღებზე მოცურავე გემებსა და თოლიებს, როგორც პეიზაჟს, რომელსაც წარმოდგენა არ მქონდა, თუ ოდესმე ვნახავდი…

შინ დაბრუნება

ამჯერად მგზავრობა და შინ დაბრუნება ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. თავს არ შეგაწყენთ აღწერით. ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლები. უბრალოდ არ შემიძლია არ დავწერო იმაზე, რაც ფრენის დროს ვიგრძენი. აქ მთათა სისტემა ღრუბლებითაა დაფარული. მზე, ზღვა, ტბებიც ირეკლება იმ ლამაზი ფენის სიღრმეებში, რომელსაც ატმოსფერო ჰქვია. პირველად მივხვდი, ნისლი — ღმერთის ფიქრებია. სწორედ ამგვარად შეიძლება ფიქრობდეს იგი…

უამრავ ქვეყანას გადავუფრინე. ვცადე, დამენახა, რა ხდებოდა სხვა ფანჯრებს მიღმა და დავინახე…

უშაქრო ჩაი დავლიე… ვერ მოვასწარი სტამბულში, თვითმფრინავში გადაჯდომის დროს, მეყიდა სუვენირები ახლობლებისათვის. სტამბულიდან კი ორი საათში თბილისში ჩამოვფრინდი. უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც მომეხსნა მხრებიდან. საკონტროლო პუნქტი სწრაფად გავიარე. როდესაც აეროპორტის გზაზე გამოვედი, გამახსენდა — ჩვენთან არც გაზაფხულია და არც ზაფხული. არც უამრავი ხე, ყვავილი, ზღაპრული სიმწვანე შეგხვდება ქუჩაში, მაგრამ ის ხე, ვარდისფრად აყვავებულ — აფეთქებული, გზაზე რომ შემომანათა და გული გამითბო, ყველაფერია ჩემთვის!