რა ცვლილებები იგეგმება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით - გამკაცრებული რეგულაციები

განათლების სამინისტროში გამკაცრებული რეგულაციები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა უწყების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. მისი თქმით, ექსკურსიებს მეტი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება და უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

გომბორის გზაზე ექსკურსიის ავტობუსი ხევში გადავარდა — დაღუპულია ერთი ბავშვი >>

„სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამკაცრებული რეგულაციების ცვლილებები ასევე მოითხოვს, რომ ექსკურსიაზე სრულწლოვან პირს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი უნდა ჰქონდეს გავლილი.

ქართველი მოსწავლეები აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოხვდნენ

ამ დროისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები მოქმედებს. თუმცა თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

შუშის ჩამოვარდნას მოსწავლე ემსხვერპლა – ბოლო ცნობები >>

განათლების სამინისტროში გამკაცრებული რეგულაციები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს. კერძოდ: მიმდინარე წლის 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე  კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსით თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

მეორე დღეს კი ბოლნისში ექსკურსიაზე წასული მოსწავლე მდინარეში გადახტა და მრავლობითი  სახის დაზიანებები მიიღო.