ქართველი ექსპერტები თურქეთში ოშკის ტაძრის რესტავრაციის პროცესს გაეცნენ

თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის ზემგრძნობიარე დეტექტორებით აღჭურვას.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართველი ექსპერტების ჯგუფი თურქეთში ოშკის ტაძრის სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ოშკის საკათედრო ტაძარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარია, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული და რელიგიური ცენტრი, ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი. აშენებულია X საუკუნის მეორე ნახევარში. დღეისათვის სამონასტრო კომპლექსს შერჩა სემინარია და მცირე ეკლესიები.

Ошкский кафедральный собор святого Иоанна Крестителя на территории Турции

გუმბათის გამაგრების სამუშაოები გასული წლის მაისში დაიწყო. საქართველოდან ადგილზე არქიტექტორ-რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და კონსტრუქტორები ჩავიდნენ.

„ოშკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელსაც ქართველი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით თურქეთის მხარე სრულად უზრუნველყოფს, ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვან შესწავლას და სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს", — ნათქვამია განცხადებაში.

წინასარეაბილიტაციო ეტაპი ტაძრის გუმბათის ყელის კონსტრუქციულ გამაგრებასაც მოიცავს, რასაც თურქი არქიტექტორ-რესტავრატორები ქართველი კოლეგების მიერ გადაცემული პროექტის მიხედვით მომზადებული ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით განახორციელებენ. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ეს ქართველ ექსპერტთა პირველი ვიზიტი იყო, შემდგომ ეტაპზეც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან და პროცესს დააკვირდებიან.

Ошкский кафедральный собор святого Иоанна Крестителя на территории Турции

თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის ზემგრძნობიარე დეტექტორებით აღჭურვას, რომელთაგან მიღებულ ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ოშკის ყველა კონსტრუქციული ბზარის რეგრესული დინამიკა, დადგინდება მათი წარმოქმნის რეალური მიზეზები და პროგრესირების ხარისხი.

კვლევის შედეგებს სტამბულში ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის, რომელთა მეთოდოლოგიური რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება ოშკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო გეგმა და საპროექტო დოკუმენტაციაც.

Ошкский кафедральный собор святого Иоанна Крестителя на территории Турции

აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ოშკის ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდება არქეოლოგიური კვლევებიც. ამ პროცესში ჩართული იქნება ქართველი არქეოლოგების ჯგუფი.

ამ ეტაპზე თურქი სპეციალისტების შესრულებული სამუშაოები ქართველმა კოლეგებმა კვალიფიციურად შეაფასეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Ошкский кафедральный собор святого Иоанна Крестителя на территории Турции

აღსანიშნავია, რომ თურქული მხარის მიწვევით ერზრუმის პროვინციაში მყოფ სპეციალისტების ჯგუფს თან ახლდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს მრჩეველი დიანა მალაზონია, რომელთა აქტიური თანამონაწილეობითაც განხორცილდა ქართველი სპეციალისტების ოშკის სარეაბილიტაციო პროცესში დროული ჩართვა.

საქართველომ და თურქეთმა კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2017 წლის 23 მაისს მოაწერეს ხელი.