რა პირობით გაიყიდა კურორტი „ახტალა"

მყიდველს „კურორტი ახტალის" რეაბილიტაციის გარდა კონკრეტული პირობების შესრულება მოუწევს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. „კურორტი ახტალა" 3 760 000 ლარად გაიყიდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახტალა ტალახით სამკურნალო კურორტია კახეთში, ქალაქ გურჯაანში. კურორტის სამკურნალო ფაქტორს განაპირობებს ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის.

კურორტი შპს „გლობალ ვიქტორი ჯეორჯიამ" აუქციონზე შეიძინა.

რეკრეაციული, საკურორტო კომპლექსი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე, 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ამავე დროს მყიდველმა სასტუმრო კომპლექსში უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა 80%-თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ეს უკვე რიგით მეოცე გაყიდული ობიექტია.

პროექტის ფარგლებში ჯამში გაყიდულია 57 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 121 მილიონზე მეტს შეადგენს.