2015 წლის 13 ივნისი - გაკვეთილი იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს

რა სამუშაოები განახორციელა თბილისის მერიამ იმისათვის, რომ ვერეს ხეობა უსაფრთხო გახდეს დედაქალაქის მცხოვრებთათვის და რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები.
Sputnik

წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ჭავჭავაძის 83-ის მიმდებარედ კლდის დაფერდვის სამუშაოები; ზემო ვეძისის 43ა-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ საყრდენი კედლის პროექტი; წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა; თბილისში, თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა; თბილისში, უჩანეიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მილ-ხიდის მშენებლობა (პირველი და მეორე ეტაპი); მდინარე ვერეს ხეობაში ცხაურის ტიპის ნატანდამჭერი ჰიდროტექნიკური ნაგებობის პროექტირება; დეკორატიული კედლის მშენებლობა; ზემო ვეძისის 43ბ-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა; თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა; მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები – ეს იმ 13 სამუშაოს ჩამონათვალია, რომელიც თბილისის მერიამ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობიდან დღემდე განახორციელა.

„მზიური“: ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ

თბილისს ძლიერი წვიმა, სეტყვასა და ქართან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა.

სპეციალისტების აზრით, ის, რაც დედაქალაქის მერიამ ამ სამ წელიწადში გააკეთა, მხოლოდ უკვე დაზიანებულის სარეაბილიტაციო სამუშაოებია და, რა თქმა უნდა, მათი ჩატარება აუცილებელი იყო, თუმცა ჯერჯერობით პრევენციული ღონისძიებებიდან თითქმის არაფერია გაკეთებული საიმისოდ, რომ სტიქია აღარ განმეორდეს.

სტიქიის პრევენციისთვის ჩატარებული სამუშაოებით უკმაყოფილოა მწანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ამგვარი ანომალური რაოდენობის ნალექი ბუნებრივად რამდენიმე ათეულ წელში ერთხელ მოდის, ხოლო კლიმატის ცვლილების გამო მსგავსი სტიქიის განმეორების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება.

თბილისის ტრაგედია – წყალდიდობა, ნგრევა და მსხვერპლი

„კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი ის არის, რომ ერთ დღეში შეიძლება მთელი თვის ნორმა ნალექი მოვიდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ველოდოთ ისეთ წვიმებს, როგორიც 2015 წლის 13 ივნისის ღამეს იყო", – განუცხადა ნინო ჩხობაძემ "Sputnik–საქართველოს".

მისი აზრით, სტიქიის პრევენციისთვის პირველ რიგში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაა საჭირო. ამასთან ერთად, კარგი იქნება, თუ დედაქალაქს საკუთარი მაშველთა ბრიგადა ეყოლება.

„მეტსაც გეტყვით, თბილისში გარემოსდაცვითი სამსახური რომ შეიქმნა, იქ მარტო ტრანსპორტი კი არ უნდა იყოს შეტანილი, არამედ უნდა არსებობდეს თუნდაც ერთი ადამიანი, პროფესიით გეოლოგი, რომელმაც იცის რა მდგომარეობაშია ქალაქში მოძრავი მეწყრები", – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

სტიქიის პრევენციისთვის ჩატარებული სამუშაოებს არასაკმარისად მიიჩნევს ჰიდროლოგი ჭიჭიკო ჯანელიძეც. მისი აზრით, საჭიროა არსებობდეს კომისია, რომელიც ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს.

„ძალიან კარგია, რომ დანგრეული აღადგინეს, მაგრამ თითქმის არაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ მომავალში 13 ივნისის ტრაგედია არ განმეორდეს. ბუნებას აქვს თავისი კანონზომიერება, რომელიც არ ემორჩილება ადამიანის ნება-სურვილს", – განუცხადა ჭიჭიკო ჯანელიძემ "Sputnik–საქართველოს".

 

ნატა პატარაია