ფიზიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 13% ჩაიჭრა

წელს საატესტატო გამოცდებზე დაახლოებით 39 ათასამდე მოსწავლე გადის.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ფიზიკის საატესტატო გამოცდის ზღვარი მე-11 კლასის მოსწავლეების 87%-მა წარმატებით გადალახა, დაახლოებით 13% კი ჩაიჭრა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მე–11 კლასის მოსწავლეებმა სამ საგანში (გეოგრაფიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში) გამოცდა უკვე ჩააბარეს, დღეს კი ბოლო გამოცდას აბარებენ ქიმიაში.

2018 წლის მე-11 კლასელების საატესტატო გამოცდები 12 ივნისს გეოგრაფიით დაიწყო. ამ გამოცდაში მოსწავლეთა დაახლოებით 2% ჩაიჭრა. ბიოლოგიის საატესტატო გამოცდაზე მინიმალური ზღვარი მოსწავლეთა 5%-მა ვერ გადალახა.

მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

წელს საატესტატო გამოცდებზე დაახლოებით 39 ათასამდე მოსწავლე გადის.

წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. 

იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.