1 ივლისიდან ბათუმის ტბაში თევზაობაზე კონტროლი გამკაცრდება

ნურიგელის ტბას უკვე წლებია პრობლემები აქვს და ტბის ირგვლივ განთავსებულია თევზაობის ამკრძალავი ნიშნები, თუმცა მას არავინ ემორჩილება.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში თევზი ინტენსიურად იხოცება, რის გამოც 1 ივლისიდან ტბაში თევზჭერა მკაცრად აიკრძალება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქალაქის მერია ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს დაცვის პოლიციასთან, რომელიც აღნიშნული საკითხით დაკავდება. ბათუმის მთავრობა მას შემდეგ გახდა იძულებული სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიემართა, რაც მოქალაქეები, მიუხედავად ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული თევზაობის ამკრძალავი ნიშნებისა, მაინც აგრძელებდნენ თევზჭერას.

ბათუმური კოლორიტი: ზღვა, მზე და თევზის ფესტივალი

ნურიგელის ტბაში აერაციის სისტემა და აერაციის შადრევანი, რომელიც 50 მ სიმაღლის ჭავლს წარმოქმნის და ჟანგბადით ამდიდრებს წყალს, 2016 წელს დაამონტაჟეს. მისი დანიშნულება ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერება და ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესის შეჩერებაა.

მიუხედავად ამისა, ტბის ნაპირზე პერიოდულად გამოირიყება მკვდარი თევზები. ბოლო 20 დღის განმავლობაში კი მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

„ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენად სახიფათოა, ან რა იწვევს თევზების კვდომას, სავარაუდოდ, ჟანგბადის ნაკლებობის გამო იხოცებიან. ტბის წყლის კვლევა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩატარდა და მერიამ შეიძინა სისტემა, რომელიც ტბას ჟანგბადით ამარაგებს. სპეციალისტების რეკომენდაციით ეს სისტემა კონკრეტულ საათებშია ჩართული და მუშაობს, თუმცა, სავარაუდოდ, ჟანგბადს დიდი რაოდენობით წყალმცენარეები მოიხმარს, რომლებიც ყვავილობენ ახლა და, შესაძლოა, ამის გამო აღარ არის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება", — განაცხადა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა სულხან ევგენიძემ.

წყალქვეშა სისტემა ჩართულია 24:00 საათიდან 06:00 საათამდე, ხოლო ტბის მიმდებარე ტერიტოტრიაზე განთავსებული შადრევანი – დღისით, 8 საათის განმავლობაში.

ბათუმის მერიამ დახმარებისთვის გარემოს დაცვის ინსპექტორებს უკვე მიმართა, რომლებიც უახლოეს დღეებში დეტალურად შეისწავლიან ტბის წყლის ხარისხს და შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ.

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6,3 მ. ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 ათასი კუბური მეტრია.