მამუკა ბახტაძე: ჩემი ხედვა – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა

საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება ბახტაძის პრემიერის პოსტზე წარდგენის შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნება. მისი კანდიდატურა ახლა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაამტკიცოს.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის კანდიდატურად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრობა - ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტი ვაკანტური 13 ივნისს გახდა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. თავისი გადადგომა კი მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. კვირიკაშვილი მთავრობას სათავეში 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა>>>

„მადლობა ნდობისთვის, ეს არის დიდი პატივი, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება პრიციპებზე – ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამას სჭირდება გარღმავება და გამტკიცება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს", — განაცხადა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება ბახტაძის  პრემიერის პოსტზე წარდგენის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაეგზავნება. მისი კანდიდატურა ახლა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და საკუთარ პროგრამას წარუდგენს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ხმათა უმრავლესობით ნდობის ვოტუმს გამოუცხადებს ახალ პრემიერ–მინისტრსა და მის მთავრობას. 

მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამის შემდეგ, 2010 წელს მან მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ასევე INSEAD-ს ბიზნეს–სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია

2005–2006 წლებში ბახტაძე სს “საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერი იყო, 2007–2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010–2012 წლებში ბახტაძე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2013–2017 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პორტფელი მამუკა ბახტაძემ 2017 წლის ნოემბერში ჩაიბარა.