ქუმსიშვილი: მადლობა გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც ქვეყანაში ბევრი რეფორმა განახორციელა

მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია, აღნიშნა ქუმსიშვილმა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. კვირიკაშვილმა ქვეყანა 2,8-პროცენტიანი ზრდით ჩაიბარა და 6,5-პროცენტიანი ზრდით დატოვა, განაცხადა პირველი ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, საღამოს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან ეს პარტია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა. პრემიერის გადადგომის გამო ყველა მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდა. 

„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში. 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5%-იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია“, – დაწერა ქუმსიშვილმა სოციალურ ქსელში.

ახალი პრემიერის კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის კანდიდატურაზე, სავარაუდოდ, ხვალ ქუთაისში იმსჯელებს.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტს 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა.