საქართველოს მთავრობა მთლიანი შემადგენლობით გადადგა

საქართველოს ახალი მთავრობა მაქსიმუმ 21 დღეში ეყოლება, მანამდე კი გიორგი კვირიკაშვილის მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ყველა წევრს მოვალეობის შესრულება დაეკისრა.

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტიდან წასვლის მიზეზები განმარტა >>

„საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომას მთავრობის ავტომატური გადადგომა მოჰყვება. ოთხშაბათ საღამოს საგანგებო ბრიფინგზე კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. თავისი გადადგომა კი მას და „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მმართველ გუნდს შორის გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

საყვარელიძე: კვირიკაშვილის შემცვლელი შეიძლება სრულიად მოულოდნელი ახალი ფიგურა იყოს

ახლა პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ აირჩევს.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გუნდის ჩამოსაყალიბებლად და სამთავრობო პროგრამის წარსადგენად შვიდი დღე ექნება.

შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტი გაეცნობა წარმოდგენილ პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას და ნდობის გამოხატვის საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს. ახალი მთავრობა დამტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის 150 დეპუტატიდან ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს.