დატბორილი სახლები და ბაღები – წვიმამ საქართველოს რეგიონებიც დააზარალა

უამინდობამ საქართველოს სამი რეგიონი - კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი დააზარალა.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმამ აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა — დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რატომ დაფუძნდა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია

კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, განსაკუთრებით მეჯვრისხევი და ახალუბანი.

უამინდობამ პრობლემები შექმნა რუსთავშიც. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რის გამოც გართულდა ტრანსპორტის გადაადგილება.

სეტყვის გამო დაზარალდა გურჯაანის რაიონის დასახლებული პუნქტები, განსაკუთრებით ძირკოკის, კოლაგის, ვეჯინის, ბაკურციხის, კარდენახისა და კალაურის მოსახლეობა.

ორშაბათს, საღამოს მოსულმა გადაუღებელმა წვიმამ თბილისშიც პრობლემები შექმნა — დაიტბორა ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ავტოსადგომები.

თბილისში მთელი ღამის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.